შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს.
„2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5000-მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო:
„2021 წელს – აღრიცხულია, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი 1703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1394 საქმეზე გამოკვეთილია გენდერის ნიშანი;
2022 წელს – 1802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1579 გენდერის ნიშანი გამოიკვეთა.
2023 წელს – 1806 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1653 საქმეში იკვეთება გენდერის ნიშანი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურმა აღნიშნა, რომ ცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში:
„თუკი 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე – 44 შემთხვევაში დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა, 2023 წლის 1-ლი მაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა.
2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.