_ სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ოფიციალური განმარტება კორპორაციის მიერ „ტოიოტა ცენტრ თბილისთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც კორპორაციამ 2013 წლის 21 ნოემბერს “ტოიოტაცენტრთბილისთან” ორი ხელშეკრულება გააფორმა და სედანისა და ჯიპის ტიპის ავტომობილების შესაძენად 1 135 130 ლარი დახარჯა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2013 წლის ნოემბერში შეძენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შესაბამისი დანაყოფისთვის, რომელიც კორპორაციაში ახორციელებს კორპორაციის კუთვნილი სტრატეგიული ობიექტების (გაზსადენების სისტემა, ნავთობსადენები, ნავთობის საბადოები) დაცვას.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენამდე კორპორაციის მიერ მიღებულ იქნა ყველა საჭირო თანხმობა საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ შესყიდვის ჩასატარებლად. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა ღია ტენდერის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სტრატეგიული ობიექტების დაცვისა და პატრულირების საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე, კორპორაციის მიერ შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კორპორაციის მიერ ერთ დღეში 1 135 130 ლარის ღირებულების ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “გურია ნიუსმა” გაავრცელა.