საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შესაბამის კომიტეტთან ერთად პარლამენტში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. რა იგეგმება საქართველოში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების კუთხით ამაზე უფრო კონკრეტულად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი გვესაუბრება.
გიორგი ცაგარეიშვილი:
_ საქართველოს პარლამენტი თბილისის მწვანე საფარის გადასარჩენად კანონპროექტს ამზადებს. საკანონმდებლო ცვლილებებს ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ. ცვლილებების შედეგად გაიზრდება საკრებულოს კომპეტენცია. ანუ საკრებულო დაარეგულირებს სარეკრეაციო ზონების შეცვლა-არშეცვლის, გამწვანების, საკითხებს. ჩვენ ვერ დაველოდებით 6 თვეს, რომ უგულავამ მოუთავოს ხელი თბილისს და გაანადგუროს, რაც დარჩა, ის მწვანე ზონებიც. ჩვენი ყველას ბრალია, რომ არ ვიყავით აქტიურები და აქამდე მივიყვანეთ საქმე. თბილისი უკვე შესულია მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რიცხვში. ამის მიზეზი რეკრეაციული ზონების პრობლემა, ქალაქგეგმარების არარსებობა, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და ბევრი სხვა საკითხია. ამ პრობლემების გამოსასწორებლად უპირველესად საკანონმდებლო ბაზა უნდა გავაუმჯობესოთ.
_ ქალაქში ვისაც ევალება გამწვანების პრობლემის გადაჭრა, ანუ მერიას, ეს ორგანო გამოდის, რომ პასუხისმგებლობას არ გრძნობს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამას მოწმობს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებები ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საჭიროებაზე. მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლებისგან, ანუ თქვენგან მოითხოვს პასუხს.
_ გასაგებია, რომ მერია უპასუხისმგებლოდ იქცევა. აქ იკვეთება უგულავას კორუფციული ინტერესებიც. ჩვენ გვინდა ქალაქის თვითმმართველობის კომპეტენცია გავზარდოთ, რომ თბილისის მერს ერთპიროვნულად აღარ შეეძლოს რეკრეაციული სტატუსი მოუხსნას ამა თუ იმ ტერიტორიას. ჩვენ გვინდა, რომ საკრებულოებთან შეიქმნას ე.წ. “მწვანე საბჭოები”, ამით საკრებულოს კომპეტენცია გაიზრდება და აღარ გამოჩნდება ისე, რომ ჩვენ თვითმმართველობაში ჩავერევით.
_ ბატონო გიორგი, ბოლო დროს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. საწარმო ოქროს მოპოვებისას ძალიან აბინძურებს გარემოსაც . . .
_ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ ჰქონდა წარმოდგენილი და ის მნიშვნელოვნად აზიანებდა გარემოს. ამის გამო გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე დააჯარიმა. ახლა მადნის გამოსატუტი ადგილი აღარაა მოსაპოვებელ ტერიტორიასთან ახლოს და აღარ ბინძურდება ტერიტორია.
_ თქვენი, როგორც საქართველოს მოქალაქის, პარლამენტარის, გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია როგორია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლის განადგურებასთან დაკავშირებით? მიგაჩნიათ თუ არა კულტურის სამინისტროში შექმნილი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორად, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიას უძრავი კულტურის ძეგლის სტატუსი მოეხსნა?
_ რა თქმა უნდა , როგორც მოქალაქეს გული მწყდება, რომ ასე მოხდა. კულტურული მნიშვნელობის ძეგლები უნდა შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში. როცა ლიცენზია გაიცა და 205 მილიონი გამოართვა მიხეილ სააკაშვილმა კობა ნაყოფიას, მაშინ ეფიქრა ამაზე.
_ ბატონო გიორგი, ძეგლის სტატუსი სწორედ წინა ხელისუფლების დროს მიენიჭა საყდრისის საბადოს . . .
_ ჯერ გადასცეს ინვესტორს საბადო და მერე გამოცხადდა სტატუსი. კულტურის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ემსჯელა მაშინ და ეს ტერიტორია ამოერიცხათ საერთოდ მინაკუთვნიდან. ამათ რა ქნეს: ფეხი კი არ ამოუკვეთეს, ორივე ფეხი იქ დაუტოვეს ინვესტორს და ჩვენს ხელში აფეთქდა ეს ნაღმი. მეწარმე მოგვიტრიალდა და გვითხრა, რომ იქ მას აქვს უკვე ლიცენზია აღებული. “დასაქმებული გვყავს ადამიანები. ჩვენ შეიძლება გავაჩეროთ წარმოება. სადაც გვქონდა სამთო მინაკუთვნი, ის უკვე ავითვისეთ. ახლა გვჭირდება ახალი ტერიტორია, სადაც მოვიპოვებთ ოქროს”. რა უნდა გაგვეკეთებინა?
_ მთავრობას მაინც რატომ უნდა მიეცა საშუალება ინვესტორისთვის გაენადგურებინა მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი… (საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ არის ოქროს სამთო წესით მოპოვების მსოფლიოში უძველესი კერა და თარიღდება ადრებრინჯაოს ხანით -ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისით. ძეგლს გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, ის წარმოადგენს სახელმწიფო სიმდიდრეს).
_ ეტყობა ვერ ხვდებით, მე რას გეუბნებით! ამაში ინვესტორს აქვს 30 მილიონი გადახდილი! მაშინ ჩვენ დავუბრუნოთ ეს თანხა მას ჩვენი ჯიბეებიდან და ვუთხრათ, რომ საყდრისს აღარ ვაძლევთ. . .
_ არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ბიზნეს ინტერესებს არ შეეწიროს უძველესი ძეგლები?
_ როგორ არ შეიძლებოდა. ამაში წინა ხელისუფლების მწყობრი მოქმედება იყო საჭირო, ამიტომ ახლა ჩვენ მწყობრად ვეღარ წავედით. მრუდე გზაზე წაგვიყვანეს. დაგვიტოვეს კონფლიქტი და გვითხრეს, თქვენ აგირჩიათ ქართველმა ხალხმა და ახლა თქვენ მოაგვარეთ! მე არ ვიცი, უნდა მოეხსნა, თუ არ უნდა მოეხსნა კულტურის სამინისტროს სტატუსი. არ ვარ ღრმად ჩახედული საკითხში. თუ მხოლოდ მეწარმის ინტერესი გაითვალისწინეს, ეს არის გადაცდომა და საკმაოდ მძიმე. ჩვენს ასევე მეწარმეები გვეუბნებიან, თუ თქვენ არ მოგვცემთ ლიცენზიას, ჩვენ წარმოებას გავაჩერებთ.
_ ანუ ზეწოლას ახდენენ ამგვარად მთავრობაზე. . .
_ რა თქმა უნდა, არამარტო კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ იყენებს ამას მეწარმე, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგაც. იგივე მდგომარეობაა ჭიათურაშიც, – თქვენ თუ გაგვიზრდით მოსაკრებელს, თქვენ თუ მოგვთხოვთ ფილტრების დაყენებას, ჩვენ ავიღებთ და დავხურავთ წარმოებას. 5 ათას მუშას კი გამოვყრით ქუჩაში, – ამგვარად საუბრობენ.
_ ჭიათურას რაც შეეხება, ბატონო გიორგი, ყველასათვის ცნობილია, რომ ამ ქალაქში მანგანუმის მოპოვების გამო მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, რამდენიმე სოფელს გადასახლების საფრთხე ემუქრება, დაბინძურებულია სასმელი წყალი. როდესაც წვიმა მოდის, წყალი შავ ფერს იღებს და მისი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელი ხდება. როგორ ზრუნავს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებაზე?
_ 2008 წელს ჯორჯიან მანგანეზს 118 მილიონი ლარის ჯარიმა დაადო მთავრობამ. მუდმივად წეწავდნენ ამ საწარმოს და აღარ სთხოვდნენ არაფერს შემდეგ. როცა ადამიანს 118 მილიონს წაართმევ, მერე მოსთხოვ გუდაურში სასტუმროს და საბაგირო გზების მშენებლობას, ფეხბურთის გუნდის შენახვას და ათას რამეს, რა თქმა უნდა, მერე იმას სხვას ვერაფერს ვეღარ მოსთხოვ. იგივე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის იაფი სიამოვნება.
_ თუმცა, თუ თქვენს სიტყვებს დავესესხები, გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ევროკავშირში არავინ მიგვიღებს…
_ გეთანხმებით. კარგია, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრი ევროპელი გულშემატკივარი გამოუჩნდება გარემოს დაცვას საქართველოში, ვიდრე ჩვენთან არიან. სამწუხაროდ, მე ჩემს ბევრ კოლეგას დღემდე ვერ გავაგებინე, რას ნიშნავს გარემოს დაცვა. მაგრამ თუ ვერ გავაგებინე მე, გააგებინებენ ევროპელები!
დავუბრუნდეთ ჭიათურას. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ დიალოგი მეწარმესთან. პირველივე კომიტეტის სხდომაზე გამომიგზავნეს ლაბორატორიის გამგე. მე არ ვარ თავმომწონე ადამიანი, მაგრამ ლაბორატორიის გამგეს რომ გზავნიან პარლამენტის სხდომაზე, უკვე ეტყობათ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული პრობლემების მოგვარებით. ეს იყო 7-8 თვის წინათ და მე ეს არ მესიამოვნა.
ამის შემდეგ ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ღონისძიება. დავაჯარიმეთ ზესტაფონი, ჭიათურაც. გარემოს დაცვის სამინისტრომ დაამთავრა შემოწმება “ჯორჯიან მანგანეზის” ობიექტების ჭიათურაში. დიდი ჯარიმა დააკისრეს და მათ მოუწევს თანხის გადახდა. შევთანხმდით, რომ დაიწყება იმ მიწების რეკულტივაცია, ამოვსება, რომელიც მათ მიატოვეს. პირუტყვს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები ჩაცვივდნენ ორმოებში. ათასობით ნერგი იქნება შეტანილი. სარეკულტივაციო სამუშაოებზე დოკუმენტაცია შეტანილი აქვთ სამინისტროში. ჯერ ძალიან ცოტას გაკეთება უნდოდათ, მაგრამ მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ ათასობით, ათიათასობით ნერგი იქნება დარგული მთელს ჭიათურაში. ჭიათურის წყალკანალი მთლიანად მეწარმის ბალანსზეა. ერთი ნაგებობის რეაბილიტაცია არ განუხორციელებიათ. ჩადის საშინელი მტვერი და ჭიათურელები მოიხმარენ ამ წყალს. რაც იწვევს ჩიყვს და ათასგვარ უბედურებას. ამისთვის შედის ბუნებრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც მანგანუმის მიერ მოტანილი სარგებელი ქალაქში დარჩება და თავად მუნიციპალიტეტი მოაგვარებს ამ პრობლემებს. არ შეიძლება მეწარმემ ჭიათურიდან ოქროს ღირებულების რესურსი წამოიღოს და ამით ადგილობრივმა მოსახლეობამ არ ისარგებლოს. ეს კანონპროექტი ცოტა ხნით შეჩერდა პარლამენტში. კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით საქართველოს მთავრობას. შემდგომში კონსულტაციები ისევ გაგრძელდება.