მან პრესისთვის განცხადება გააკეთა, რომ, ამიერიდან, კლუბის საქმეებში აღარ ჩაერევა.
_ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ვისაუბრეთ, თუ ვინ როგორ ხედავდა გუნდის პერსპექტივას; სხვა თემაზე საუბარი არ ყოფილა. ვის მიერ როგორ იქნა აღქმული, არ არის ჩემი პრობლემა. შეხვედრა გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ წარმოადგინეს თავისი ხედვა, რის შემდეგაც მე განვაცხადე, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, 600 ათასლარიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გააკეთო მილიონ ოთხასი ათასზე…. ამიტომ, ეს გეგმა ჩემთვის იყო მიუღებელი.
გუბერნატორმა უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გამგებელს დაურეკა და მწვრთნელად ლორიას დანიშვნა შესთავაზა:
_ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე მოვითხოვე ლორიას დანიშვნა; ეს არ არის სიმართლე. ასევე ცრუ ინფორმაციაა ისიც, რომ მე ვინმეს ამ საკითხთან დაკავშირებით დავურეკე.
_ ბატონო ზაზა, თქვენთან დავრეკე? _ მიმართა გუბერნატორმა კითხვით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს.
_ არ დაგირეკავთ და მსგავს თემაზე საუბარიც არ გვქონია, _ დაადასტურა ზაზა ურუშაძემ და უკვე საუბარი მან განაგრძო. ურუშაძის თქმით, მას და გუბერნატორს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია:
_ ფეხბურთი ყველასთვის მტკივნეული თემაა; ვთქვით, რომ ვინაიდან გუბერნატორი ლანჩხუთელი კაცია, იქნებ, ერთობლივი ძალით მოგვეხერხებინა კლუბის პრობლემების მოგვარება. გვქონდა კიდეც საუბარი კლუბის ფინანსური საკითხების გადაჭრის გზებზე. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ლორიასთან მიმართებაში, რომელიც განიხილებოდა კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელად. ამის შემდეგ, ბატონმა გიორგიმ ბრძანა, წარმოგვედგინა ხედვები, მაგრამ ასე არევ-დარევა არ შეიძლება ყველაფრის… ჩვენ ყველანი ლანჩხუთელები ვართ, გული შეგვტკივა გუნდზე და გვინდა, რომ წინსვლა გვქონდეს. ყველამ კარგად იცის, როგორ შემტკივა ამ კლუბზე გული _ ბიძაჩემი იყო მისი პრეზიდენტი… დაიწერა, თითქოს მე და გიორგი ერთმანეთს დავუპირისპირდით… ან მე მას როგორ დავუპირისპირდები, ეს ის კაცია, ვინც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. რატომ ვქმნით ასეთ ფონს?! ჩემთან მახარაძის დანიშვნაც არ შეუთანხმებიათ. მე არ ვარ წინააღმდეგი ლორია დაინიშნოს, ისიც ხომ მწვრთნელია?! – ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
გუბერნატორის თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის გამონათქვამებსა და კომენტარებზე: _ ბატონო ზაზა, თქვენზე არაა მარტო საუბარი; ყველამ აგოს თავის კომენტარზე პასუხი. მე რამდენადაც წავიკითხე, ტრენერმა დაწერა, რომ იყო კლუბში და დაამტკიცეს თანამდებობაზე. თუ ეს ასე არ არის და მას არ გაუკეთებია ამგვარი კომენტარი, სხვა საქმეა. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ _ ჩემი ფუნქცია მონიტორინგია და არა ვინმეს გათავისუფლება ან სამსახურში დანიშვნა. მართლაც მინდოდა დავხმარებოდი გუნდს პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ისე გამოვიდა, თითქოს მე ვარ ხელისშემშლელი… ამიტომ ვაკეთებ ყველას თანდასწრებით კომენტარს: ამ საკითხში აღარ ჩავერევი საერთოდ! ჰყავს გუნდსა და რაიონს ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე. შეიქმნა აზრი, რომ გუბერნატორი ერევა ყველგან და ჩემი მცდელობა, გუნდს დავხმარებოდი, ცუდად იქნა გაგებული. ამიტომ ვაცხადებ პრესასთან, რომ ამის შემდეგ, გარდა მონიტორნგისა, საერთოდ არ ჩავერევი კლუბის საქმიანობაში რაც არ უნდა გულსატკენი იყოს. გადაწყვიტოს მისმა ხელმძღვანელობამ, თუ როგორ უნდა წაიყვანოს კლუბის საქმიანობა, რომ კლუბი არ მივიდეს კრახამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას გასცენ პასუხი.
ყველას თანდასწრებით ვუხდი ბოდიშს იმათ, ვინც ჩათვალა, რომ ვინმე შევზღუდე, ან თუ ვინმე თვლის, რომ ჩავერიე მის კომპეტენციაში. იმედია, ამის შემდეგ აღარ დარჩება დამატებითი კითხვები. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. არ მინდა მახსენონ ისეთ სიტუაციაში, რაც არ დამიმსახურებია! მე, სამწუხაროდ, მეტის არც გაკეთება შემიძლია და არც შედის ჩემს კომპეტენციაში, _ განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.





































































