ალადაშვილის ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უმაღლესი საპილოტაჟო ჟგუფის “რუსსკიე ვიტიაზის” შემადგენლობაში ირიცხებიან და ბაჰრეინში, საერთაშორისო საჩვენებელ ფრენებში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდნენ. რუსული საბრძოლო თვითმფრინავები უკან 20 იანვარს, იგივე მარშრუტით დაბრუნდებიან და კიდევ ერთხელ გადაუფრენენ თბილისს.
“რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოს თავდაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტება იმის თაობაზე, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა, ამ დრომდე არ გაკეთებულა”, _ აღნიშნავს ექსპერტი.
აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არც ნავიგაციის სამსახურის მიერ და არც თავდაცვის სამინისტროს მიერ.
დღეს თავდაცვის სამინისტრომ რუსულ ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“გავრცელებული ინფორმაცია, რომ 10 იანვარს თბილისს სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა გამანადგურებელმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა გადაუფრინეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ავიამეთვალყურეებს, რომლებიც სრულად აკონტროლებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსული თვითმფრინავები არ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია, რომ იგივე შემადგენლობისთვის 20 იანვარს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ გახსნაა დაგეგმილი”, _ აღნიშნულია განცხადებაში.





























































