“ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადის ეგიდით, მზადაა რუსეთ–აფხაზეთის საზღვარი ქვეყნის შიგნით ასე უაპელაციოდ და უბოდიშოდ 11 კილომეტრით გადმოსწიოს. რა არის ეს? რუსების მიერ დეკლარირებული და აფხაზების მიერ ნებადართული ოკუპაცია?სამწუხაროა, რომ აფხაზები, იძულებულნი არიან რუსეთის კაპრიზი თავიანთ გადაწყვეტილებად მონათლონ. არავინ დაიჯერებს, რომ ეს აფხაზების გადწყვეტილებაა.
სინამდვილში ეს ხომ საქართველო–რუსეთის საზღვარია. თითქოს ეს 20 იანვრიდან 21 მარტამდე უნდა გაგრძელდეს. არავინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში 2014 წლის 20 იანვრიდან – 2014 წლის 21 მარტამდე კრასნოდარის მხარესთან სასაზღვრე ტერიტორიის დროებით ცვლილებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული ქმედება კანონიერებასთან ახლოს არ არის.
“ეს ქმედება ახლოსაც არ არის კანონიერებასთან. ეს არის ოკუპაციის ერთ–ერთი ნიშანი. არამგონია საზღვრის ცვლილება დარჩეს, მაგრამ საფრთხე ოკუპაციის გაღრმავების რასაკვირველია არსებობს. ოლიმპიადა იქნება თუ არა, რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება თავისი სტრუქტურებისდა არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკურ–პოლიტიკური სტურქტურების იმფილტრაცია უფრო დიდი მასშტაბით მოახდინოს“.
აღნიშნულ თემას შეეხო დღეს ექსპერტი მამუკა არეშიძე და განაცხადა, რომ საზღვრის დროებითი გადმოწევით განსაკუთრებით რეპრესირებული აღმოჩნდა აფხაზი ხალხი, მათ არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ სრულიად აეკრძალათ გადაადგილება. მისი თქმით საზღვრის 11 კმ-ით გადმოწევა არ არის ტერიტორიის მიტაცება, თუმცა საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. ექსპერტი აცხადებს, რომ ეს 11 კმ-ი 21 მარტამდე გახდა უსაფრთხოების ზონა, მაგრამ 21 მარტის შემდეგ დროებითი მუდმივ მდგომარეობაში რომ არ გადაიზარდოს, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ახლავე დაიწყოს მუშაობა და სწორად მიუდგეს ამ საკითხს.


































































