გარდა ამისა, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა აღნიშნული პირების N6 დაწესებულებაში გადაყვანის დროზეც და ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა გვიან ღამით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიზანშეწონილობაზე, რაზეც გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული მსჯავრდებულების დაუყოვნებლივ გადაყვანის საჭიროება მათი სხვა მსჯავრდებულებთან დაპირისპირების საფრთხემ და რეჟიმისადმი სისტემატურმა დაუმორჩილებლობამ განაპირობა.
კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ს.ქ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა #15 დაწესებულების მორიგე ექიმს, დ.ხ-ს. აღნიშნულზე ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. 2014 წლის 11 იანვარს მან კვლავ მიაყენა ექიმს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც გამოეცხადა საყვედური, 14 იანვარს კი მან და მისმა თანამესაკნემ რ.გ-მ დაწესებულების სოციალურ მუშაკს ა.ზ-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ მსჯავრდებულებზე არ ახდენს გავლენას მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინული სახდელები, ამასთან, ისინი ბოროტად სარგებლობდნენ იმით, რომ განთავსებულნი იყვნენ სამედიცინო ნაწილში და ითვლებოდნენ ავადმყოფებად. არ ემორჩილებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს, იმუქრებოდნენ თვითდაზიანებებით და იყვნენ აგრესიულები. გარდა ამისა, ს.ქ-სა და რ.გ-ს სასჯელის ზომა ითვალისწინებს მათ განთავსებას დახურული ტიპის დაწესებულებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების საკითხებს განეკუთვნება, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური წყვეტს.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგები და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება, მისი დასრულებისთანავე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.