შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მისვლას კონსტიტუცია ავალდებულებს.
პრეზიდენტის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხს პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს და ამბობს, რომ პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს იხსნება.
2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო წელი ისე დაასრულა, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით არ წარმსდგარა, რადგან პრეზიდენტის მოსმენის საკითხი პოლიტიკური გარიგებების საგნად იქცა. კერძოდ, გასულ წელს პარლამენტს პრეზიდენტისთვის 8 თებერვალს უნდა მოესმინა, თუმცა, უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა და მას ერთგვარი ულტიმატუმიც წაუყენა. უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მაშინ მოუსმენდნენ, თუკი უმცირესობა მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა, რომელიც მთავრობის დათხოვნის მიმართულებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებდა.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დაგეგმა, სადაც ეს პროცესი დაპირისპირებით დასრულდა.
ცენტრ “მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ნაკლებად არის მოსალოდნელი პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგეს.
“რეალურად ერთი თვეა, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტია და საანგარიშო მოხსენების მოლოდინი, როგორც კონსტიტუციის მცოდნე მოქალაქეს, არ მაქვს. სხვა საკითხია პოლიტიკური მოტივაცია, პოლიტიკური შოუს ელემენტები და ქულების დაგროვების მცდელობები. ეს, რა თქმა უნდა, იქნება. პარლამენტი ის ადგილია, სადაც ამის ასპარეზი შეიძლება იპოვონ პოლიტიკურმა ძალებმა, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტს არ გაუჭირდება ამ ასპარეზზე წარდგომა, რადგან ეს მოკლე პერიოდი მის სასარგებლოდ მუშაობს. ამ პერიოდში სისტემური გადაწყვეტილებები, მით უმეტეს შემცირებული უფლებამოსილებების ფონზე, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. რეალურად, ალბათ, ის ისაუბრებს იმ რეფორმებზე, რაც დაგეგმილი აქვს, ან რაც დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იმ სტრუქტურაში, რომელსაც იგი ინარჩუნებს. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭო და მისი ხედვები – როგორ წარმოუდგენია თავისი ფუნქციები საკანონმდებლო პროცესში. მართალია, მას კონსტიტუციით აღარ აქვს უშუალოდ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ მის უფლებამოსილებებში რჩება მძლავრი ბერკეტები – კანონის ძალაში შესვლისთვის მნიშვნელოვანი ხელმოწერა და გამოქვეყნება, ან კანონპროექტზე ვეტოს დადება. ასევე შეწყალების პროცესი და ამ პროცესის ინსტიტუციური მოწესრიგება. ეს პრეზიდენტის მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, რაც შეწყალების დებულებაში უნდა აისახოს, რომ ის სრულად გამორიცხავს შეწყალების კომისიის მიღმა გადაწყვეტილებების მიღებას. ეს იქნება ის საკითხები რაზეც ისაუბრებს. არ ველი, რომ საგარეო მიმართულებაზე რაიმე მნიშვნელოვან საანგარიშო განცხადებას ან ხედვას გააჟღერებს, მით უმეტეს, მთავრობასთან შეუთანხმებელს,” _ აცხადებს ალაფიშვილი და დასძენს, რომ “იქნება სხვა საკითხები კითხვა-პასუხის და პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში”.
“მაგრამ ვფიქრობ, აქ მოუწევს მარგველაშვილს მოხერხების გამოჩენა და თავისი წინასაარჩევნო დაპირების რეალობად ქცევა კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე. მხედველობაში მაქვს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება, რომ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისას არ მოექცევა არცერთი პოლიტიკური ძალის თუ შეხედულების ჩარჩოში. ყველაზე მეტი მოლოდინი ამ ორი მიმართულებით გვაქვს, დაგვანახოს რა არის რეალური ხედვა ინსტიტუციურად პრეზიდენტის ფუნქციების განსახორციელებლად და რა გზავნილი, მსჯელობა და რიტორიკა იქნება იმ მიმართულებით, რომ ის საზოგადოების პრეზიდენტი, არბიტრია და არა ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ბუნებრივია, მის მიმართ იქნება წნეხი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რადგან გამოსვლა მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის, თუმცა კონკრეტული შედეგები ამით ვერ დაიდება. მარგველაშვილის მოხერხებულობა ის იქნება, რომ ორ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება და ამავე დროს ძალიან მკაფიოდ განმარტოს, რომ ის პერიოდი, რაც მას პრეზიდენტობისთვის ჰქონდა საკმარისი არ იყო კონკრეტული შედეგების დადებისთვის იმ პირობებში, რა უფლებამოსილებებიც მას დარჩა. განსხვავებით ძველი პრეზიდენტისგან, რომელსაც მოეთხოვებოდა კონკრეტული შედეგები, რადგან ის აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა, ახლანდელ პრეზიდენტს ეს უფლებები აღარ აქვს,” _ ამბობს ალაფიშვილი.
ალაფიშვილისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მარგველაშვილს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს და ის ოპოზიციური ძალის ზეწოლის ქვეშ მოექცევა.
“მარგველაშვილს მოუწევს მაისურით ოფლის წმენდა. რასაკვირველია, ოპოზიცია ყანყრატოში ეცემა… საშინლად აბურთავებენ, მეცოდება, სიმართლე გითხრათ…
ძალიან მიჭირს რაიმეს გახსენება, რა გააკეთა საანგარიშო მარგველაშვილმა. არა მგონია, იმდენი არაჯენლტმენობა ან თავხედობა გამოიჩინოს, რომ თვითონ მიიწეროს ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება ან ასოცირება. სხვა, მგონი მარგველაშვილს სათქმელი არაფერი აქვს. შეიძლება აქტივში ის ჩაითვალოს, ხელფასი რომ გაიზარდა. ასევე, ისეთი “გენიოსი დიპლომატების” მიყვანა თავის სამსახურში, როგორიც მაჭავარიანია. ესეც დიდი მიღწევაა, ძნელი დასაყოლიებელი იყო, ალბათ. მარგველაშვილისგან ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა თქვას, რომ ძალიან ცოტა ხანია პრეზიდენტი რაც ვარ, ვერაფერი მოვასწარი და გაისად ორი წლის ანგარიშს ერთად ჩაგაბარებთო. ყოველ წელს პრეზიდენტს არაფერი ექნება სათქმელი. დღეს დარჩენილი უფლებამოსილებები მკვეთრად შეიკვეცა შაგრენის ტყავივით, არაფერი ეკითხება, კონსტიტუციაში კი დარჩა ძველი ნორმა, რომ ის საანგარიშო მოხსენებით უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე. ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიურად უნდა გამოვიდეს, დღეს ანეკდოტურ ხასიათს ატარებს და მარგველაშვილს, როგორც ჩანს, გამორჩა, თორემ პირველი უნდა ეთხოვა პარლამენტისთვის, რომ ეს მუხლი საერთოდ ამოეღოთ კონსტიტუციიდან. საერთოდაც, ვფიქრობ, უნდა შევიდეს პარლამენტში ინიციატივა, რომ პრეზიდენტმა ანგარიში ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს. ოთხ-ხუთ წელიწადში ნამცეც-ნამცეც შეგროვდებოდა ვიზიტები და პრეზიდენტსაც სათქმელი ექნებოდა. როცა ვიზიტია, იქ უკვე ყველაფრის თქმა შეიძლება, რადგან ვერც თქვენ და ვერც მე ვერაფერს შევამოწმებთ. მით უმეტეს, საკონსტიტუციო ცვლილება არ გაუჭირდებათ. რამე იყოს, დღეში ხუთ ცვლილებას მივიღებდით ისე, რომ ცხვირს არ დააცემინებს არცერთი პარლამენტარი,” _ აცხადებს ცინცაძე.