აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების, ასევე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და „USAID“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებს შეეხო.
იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა სტრატეგიულ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ წელს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი რეფორმებია, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანს.
“ჩვენს პარტნიორებს აინტერესებდათ ის რეფორმები, რომლებიც უკვე განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ და რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე წელს ვისახავთ მიზნად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს, დამოუკიდებელი მოსამართლის და, ასევე, ყველა ის უფლება, რომლებიც იცავს თითოეულ მათგანს. სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა”, _ აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ამერიკელი სტუმრებისაგან საქმიანობაში მხარდაჭერის პირობა მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოს კვირას ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 4 კონგრესმენი და ორი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა და სამხედრო კომიტეტის წამყვანი მრჩევლები.