“მხარეებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ დიალოგი, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და თავიდან აიცილონ მოვლენების შემდგომი ესკალაცია”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში უკრაინული მედია აცხადებს, რომ მორიგი შეტაკების შედეგად, “ბერკუტის” სპეცრაზმმა “მოახერხა და მომიტინგეებისგან გაწმინდა გრუშევსკის ქუჩა”. შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მომიტინგეები მაინც არ იხევენ უკან, “ბერკუტს” ახლა ევროპის მოედნიდან უტევენ. მომიტინგეები ისევ “მოლოტოვის კოქტეილებს” ისვრიან, რის გამოც კიევის ცენტრი ხანძრის ალშია გახვეული.
გავრცელებული ინფორმაციით სამოქალაქო პლატფორმა “მაიდანმა” დეპუტატების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. დეპუტატებს გადადგომისკენ მაიდანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც მოუწოდებენ.
უკრაინის მედია ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ ისვრიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მომიტინგეების მიმართულებით. გავრცელდა ერთ-ერთი დაღუპული მომიტინგის, 20 წლის სერგეი ნიგოიანის ევრომეიდანზე გადაღებული ვიდეო, თუ როგორ კითხულობდა ის ტარას შევჩენკოს ლექსებს. აქტივისტს ერთი ჭრილობა ყელში, მეორე კი თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “როიტერის” ოპერატორს, ვასი ფედოსენკოს, რომელიც უკრაინაში ბელორუსიიდან მასალის გასაშუქებლად ჩავიდა შუბლში რეზინის ტყვია მოხვდა. ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა და ის სტაციონარშია მოთავსებული.