“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ირაკლი კორძაიას გათავისუფლების ბრძანებას ხელი 22 იანვარს მოეწერა, თუმცა კორძაიამ სასჯელაღსრულების მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით დეკემბრის ბოლოს მიმართა.
კორძაიამ სამინისტროდან წასვლის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუკის”საკუთარ გვერდზე ორჯერ დააანონსა, მაგრამ “გურია ნიუსთან” თანამდებობიდან წასვლას 16 იანვარს კატეგორიულად უარყოფდა.
“პოსტებზე განმარტებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ჩემი “ფეისბუკის” სივრცეში რას დავწერ, ეს ჩემი საქმეა. არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას,” _ აცხადებდა კორძაია.
მანამდე კი, 9 იანვარს კორძაიამ საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა:
“ახლოვდება ერთი წელი რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის მითქვამს, რომ ამ სამსახურში სწორედ ერთი წლით მოვედი. სიტყვა სიტყვაა. ჰოდა სიტყვის კაცი ვარ მე”.
ამის შემდეგ კორძაიამ 22 იანვარს “ფეისბუკის” გვერდზე მეორე განცხადებაც გააკეთა:
“მეგობრებო, სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან დაუკავშირდით ორ უსაყვარლეს ადამიანს, თაია მახარაშვილს და თამთა ჯანაძეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად აშუქებდა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. პასკვილიანტ და მატყუარა ჭურნალისტებს მადლობას გადაბრუნებული ფორმით ვეუბნები ორი სიტყვით სოზარ სუბაზე: ერთი წელი ყოველდღიურად ვაკვირდებოდი ამ ადამიანს. მის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას შესაძლებელი ყოფილა შეინარჩუნო ადამიანობა და ადამიანისთვის აუცილებელი ყველა თვისება. მალე დავუბრუნდები ჩემს ძველ საქმიანობას,” _ წერდა კორძაია.
კორძაიას თანამდებობიდან წასვლას თაია მახარაშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ “მან ნამდვილად დატოვა თანამდებობა და დროებით მოვალეობის შემსრულებლად თვითონ არის დანიშნული.”


























































