სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა და კოოპერატივების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა და გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სააგენტოსა და “ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც.
შეხვედრას, რომელიც სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტისა და “ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის” (ENPARD) პროექტში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




























































