ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა “იადონმა” 22 ივლისს თბილისში გამართულ “არტ-გენის” სახალხო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ანსამბლმა 8 ფოლკლორული სიმღერა შეასრულა, აქედან 2 _ ცეკვის თანხლებით. ფესტივალის ფოლკლორული ნაწილი ანსამბლმა ინტერპრეტირებული გამოსვლით დახურა.
ანსამბლის ხელმძღვანელმა ბიძინა მჟავიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის სახალხო ანსამბლი “ხელხვავი” გააერთიანა. გაერთიანებულმა ანსამბლმა მაყურებლის წინაშე “მხედრული” იცეკვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხალხური სიმღერა, ცეკვა, ხალხური მედიცინა, კულინარია და ეკოლოგიურად სუფთა ბიო-პროდუქტები.
ფოლკლორული ნაწილის შემდეგ, მაყურებლის წინაშე ზაზა კორინთელი (ზუმბა) წარსდგა.
სახალხო ფოლკლორული ფესტივალი “არტ-გენი” უკვე მერვე წელია ტარდება. თბილისის მერიის თანაორგანიზებით ფესტივალი ჯერ რეგიონებიდან დაიწყო და ახლა უკვე თბილისშიც იმართება. ფესტივალის მიზანი, ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია და საზღვრებს გარეთ გატანაა.