შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტის გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
„სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლება. ამის ნათელი მაგალითებია ის აქციები, რაც უმცირესობის წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში ჩაატარეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციების მონაწილეთა უსაფრთხოება და მათ მისცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე დაუყონებლივ გახორციელდა ყველა იმ პირთა დაკავება, რომელთა მხრიდანაც ძალადობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი“,_განაცხდა თოლორაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალ გასამართ ღონისძებებზე უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ზომები მიღებული იქნება.
„რაც შეეხება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აღნიშულ დღეს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.
შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას“,_განაცხადა თოლორაიამ.

































































