მაკა ჭყონია:
_ იხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი (სოფელ ჯუმათში, ვაკიჯვარში და მერიაში). შესაბამისად, ერთ ახალ საბავშვო ბაღში არის საჭირო ათი საშტატო ერთეული, გარდა ამისა ბავშვთა კონტინგენტის მომრავლების გამო დამატებითი ჯგუფები იხსნება ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, დაბა ნარუჯაში, ლიხაურში და ნატანებში. თითო ჯგუფზე ემატება სამი თანამშრომელი. აქედან გამომდინარე 53 ადგილზე იყო გამოცხადებული ვაკანსია, სულ შემოვიდა 450 განცხადება, შემდეგ მოხდა განცხადებების განხილვა, რის შემდეგ გასაუბრებაზე დავიბარეთ 255 ადამიანი, აქედან 30 არ გამოცხადდა. ეს არ იყო გამოცდა ან ტესტირება. გასაუბრება მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ კონკურსის ჩატარების უფლება არ გვქონდა, ვიმედოვნებთ, რომ წესდებაში შევა ცვლილება და მომავალში გვექნება ამის უფლება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვეთ, გამოეყო საკრებულოდან რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაესწრებოდა გასაუბრებას. ასევე მოწვეული გვყავდა სკოლამდელი აღზრდის გადამზადების ცენტრის დირექტორი, თეონა ქიმაშვილი, ასევე ცენტრის თანამშრომლები.
_ გასაუბრებას საკრებულოდან და არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვინ ესწრებოდა?
_ საკრებულოდან თემურ მოქია, ირინა საჯაია, კულტურის ცენტრის დირექტორი, კობა ბანძელაძე და არასამათვრობო ორგანიზაციიდან „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროდან” ნათია გიგიაძე.
_ შედეგები, როდისთვის იქნება ცნობილი?
_ ამ კვირის ბოლოს იქნება აუცილებლად შედეგები.
_ როგორ შეაფასებდით გასაუბრებას, კმაყოფილი ხართ?
_ ზოგადად ეს ჩემი აზრი არ არის. ამას არ ჰქვია, რომ კმაყოფილები ვართ. იმიტომ, რომ არ იყო მომზადების ელემენტარული საფეხური, რაც უნდა იცოდეს ადამიანმა, როდესაც საბავშვო ბაღში იწყებს მუშაობას. თუმცა, იყო ერთეულები, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი და უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს. გვაქვს ასევე ისეთი ვაკანსია, რომელზეც ამ ეტაპზე ვერ შევარჩიეთ კანდიდატურა. მუსიკის მასწავლებლის შერჩევა გაგვიჭირდა.