სადავო ნორმების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს. ასეთი პირის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და თავდაპირველი მესაკუთრე კარგავს უფლებას, მოითხოვოს ქონების დაბრუნება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, რადგან მისი უძრავი ქონების დანაშაულებრივი გასხვისების შემთხვევაში, მესამე პირები, რომლებიც უძრავ ქონებაზე შეიძენენ საკუთრებას, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან და ის როგორც თავდაპირველი მესაკუთრე ვერ დაიბრუნებს კუთვნილ უძრავ ქონებას, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლება.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.