მედიასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა როგორც საზოგადოებისათვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის.
_ მსგავსი შეხვედრები მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს შესაძლო სახელისუფლო ვირუსებს გაუმკლავდეს, რომელიც ყველა ხელისუფლებას ემუქრება – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა მიმოიხილა პარლამენტის რიგგარეშე სესიებზე განხილული საკითხები.
„მეორე მოსმენით დასრულდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, თვითმმართველობის კოდექსის განხილვა, რითაც თვითმმართველობის რეფორმისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა, ასევე ამან საშუალება მისცა პარლამენტს წინ წაგვეწია საარჩევნო კოდექსზე მუშაობის თვალსაზრისითაც. წინ წავიდა საარჩევნო კოდექსზე მუშაობა და ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით მომუშავე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ორი თუ სამი ორდღიანი შეხვედრა ჩაატარა, კიდევ ერთი იგეგმება და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ველით საკანონმდებლო ცვლილებების ფორმით ფორმულირებულ საკითხებს, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. გვინდა თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა თებერვალში დავასრულოთ, თუმცა დანარჩენ საკითხებზე ინტერფრაქციული ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა თებერვლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება და კოდექსი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
მაისში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: “ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩეევნები იქნება უფრო საპასუხისმგებლო, სტანდარტების დაცვისა და საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით, ვიდრე საპრეზიდენტო იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნებზე ასობით კანდიდატი იქნება, რომელსაც ათასობით მომხრე ეყოლება, რომელთა ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ჩვენ, ქვეყანა, ახალი ხელისუფლება რეალურ გამოცდას დემოკრატიაში მაისში ვაბარებთ. ოქტომბერში დავამტკიცეთ როგორი არჩევნები გვინდა, ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია რთულ პირობებშიც.”
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, პარლამენტისათვის ყველაზე დიდი ზრუნვის საგანი დამდეგ საგაზაფხულო სესიაზე ესაა ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელი პროცესი. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველომ ხელი სერიოზული გართულებების გარეშე უნდა მოაწეროს.
“გართულებებისაგან კი ჯერ დაზღვეულნი არ ვართ. ამიტომ ვაცხადებ, რომ ყველა სხვა თემის მნიშვნელობა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში იქნება განპირობებული. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, გამძლეობა და თმენის უნარი მოვიკრიბოთ, რათა ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით დაასრულოს და ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ. საგაზაფხულო სესიაზე ეს პარლამენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ყველანი გაგებით მოვეკიდებით. ყველა თემის, მათ შორის, საჭირბოროტოს დრო შესაძლოა მას შემდეგ მოვიდეს, რაც ერთ მუშტად შეკრულნი ამ ხელშეკრულების ხელმოწერასა და სათანადო პროცესის შეუქცევადობის უზრუნველყოფას შევძლებთ. მანამდე შეიძლება ბევრმა საკითხმა ცოტათი მოითმინოს”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით საბჭოს ყველა წევრის არჩევა პარლამენტში, ცხრიდან ოთხი წევრი შეირჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც შესაძლებელს გახდის სამეურვეო საბჭოს საბოლოო დაკომპლექტებას. ეს პროცესი საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა, განსაკუთრებით მეორე ეტაპი, როცა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს გადაეცა შემდეგი ეტაპისთვის. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტებულიყო იანვრიდან, მაგრამ მაუწყებელში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევიდა ცვლილება კანონში და ცოტა ადრე და დაჩქარებული ტემპით დავიწყეთ პროცესი. ამ პროცესში წევრების ნახევარი დავაკომპლექტეთ, კანონის არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა”.
დავით უსუფაშვილმა, საუბრისას ოპოზიციის მხრიდან პროცესის ხელოვნურად გართულების შესახებაც აღნიშნა და განაცხადა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებულმა მოვლენებმა პოლიტიკური დატვირთვა და ელფერი მიიღო. “ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები და დავასრულოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად, რასაც ალბათ კიდევ თვენახევარი დასჭირდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპთან დაკავშირებით განაცხადა: „საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი საკითხები, მთავრობიდან ველოდებით საასამართლო რეფორმის მეორე ეტაპის პაკეტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებების მონაწილეობით დამუშავების ბოლო ეტაპზეა. რითაც სტიმული მიეცემა სასამართლო სისტემაში კლიმატის გაჯანსაღებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, თავად სასამართლოების ეფექტურობის ზრდას”.
საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პარლამენტი აპირებს გაცილებით უფრო აქტიური როლი ითამაშოს საბიუჯეტო პროცესში და ეს დაიწყება საგაზაფხულო სესიის ადრეული ეტაპიდანვე. მოგეხსენებათ, საბიუჯეტო პროცესი არის კანონით გაწერილი პროცესი, რომელიც ყველა სტრუქტურას თავის როლს და ადგილს აკუთვნებს, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო პროცესში. ჩვენი მხრიდან მეტი დახმარების მექანიზმები და ბერკეტები არსებობს, ასევე, კონტროლი საბიუჯეტო ხარჯებზე და მეტი მონაწილეობა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და იმ პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც ქვეყანას აქვს. ამ მიმართულებით თებერვლის ბოლოდან დავიწყებთ აქტიურ საქმიანობას”.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეკითხვაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იზიარებს თუ არა ის ოპოზიციის კრიტიკას და თვლის თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტს ამ ქვეყნისათვის უფრო ღია და აქტიური მხარდაჭერა გამოეცხადებინა, დავით უსუფაშვილმა უპასუხა: “ვინც ამ საკითხზე პარლამენტის განცხადებებს გაეცნო, არ მგონია, აღნიშნული კითხვის საფუძველი ჰქონდეს. წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინაში დამხმარე რაზმები ამა თუ იმ მხარეს დასადგომად ჩარტერული რეისებით არ გაგზავნა და სწორადაც მოვიქეცით. ვინც ეს გააკეთა, როგორც საქართველოს ისე უკრაინისათვის სწორი არ გააკეთა”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვის დასრულებისთანავე პარლამენტი საქმიანობას თბილისშიც დაიწყებს.
“პარლამენტმა თავისი როლი სათანადოდ რომ შეასრულოს, საკომიტეტო მუშაობის ხუთჯერ და ათჯერ გაუმჯობესებაა საჭირო, რადგან მთავარი საქმე სწორედ საკომიტეტო დონეზე კეთდება.პლენარულ სხდომაზე საკითხების სიღრმისეული განხილვა თითქმის შეუძლებელია. პლენარულ სხდომაზე შეჯერებული, ათჯერ აწონილ-დაწონილი საკითხები უნდა შემოვიდეს და იქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ამიტომ მთავარი მიმართულება, უახლოეს წლებში საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით, საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესება იქნება. ზუსტად ამიტომ, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში, ნაცვლად ორი საკომიტეტო დარბაზისა, რაც ადრე იყო, საკომიტეტო სხდომებისთვის დამატებით ათი ოთახი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში ყოფნას, აქ არ არის ლაპარაკი სიზარმაცეზე და სიარულის ხარჯებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ კომიტეტები ვერ მუშაობენ და პარლამენტიც ვერ მუშაობს. პარლამენტი გათიშულია საერთო სისტემიდან, რადგან ჩვენ დამაგრძელებლით ვართ შეერთებული სახელისუფლებო სისტემას. პრიორიტეტია საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესება. თებერვლის შუა რიცხვებისათვის მოსალოდნელია ძალიან სერიოზული პროექტის დაწყება ევროკავშირთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესებაა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების საკითხი კონსტიტუციურად კვლავ მოსაგვარებელ თემად რჩება, კონსტიტუციურ ცვლილებას კი თვეები დასჭირდება”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან უფრო რეგულარული გახდება, მაგალითად, ორ კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირადაც შეიძლება გაიმართოს.