(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, დიდ უბნად წოდებულ კუთხეში, ელექტროენერგია გამორთეს და, როგორც აქაურები ამბობენ, სიბნელემ დიდი ხნით დაისადგურა. მათ დახმარებისთვის “გურია ნიუსს” მომართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამ უბნის ცენტრალური მრიცხველი გაფუჭდა და გასაკეთებლად “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა წაიღეს, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოიტანეს. ბოლოს კი დადგეს ცენტრალური მრიცხველი და ჩაგდებული თვეების ანგარიშზე 746 ლარი დაგვაწერეს. ეს ისე მოხდა, რომ ძველი საოჯახო მრიცხველები არ შეუმოწმებიათ. შემდეგ ბოლო თვის ანგარიშიც დაგვიმატეს და 1 116 ლარი “აგვკიდეს”. ამას ვინ გადაიხდის? ვიქნებით ბნელში და ის იქნება,” _ ამბობენ ასკანელები.
საპირისპიროს ამტკიცებენ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრში _ აქ “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ ასკანის დიდი უბნის #227 ქვესადგურის აბონენტებს 2 თვის განმავლობაში მხოლოდ 8 ლარი აქვთ გადახდილი: _ თუ პრეტენზიები აქვთ, ჩვენს ზემდგომთან გადაწყვიტონ, რედაქციაში განცხადების შეტანა ვერ უშველის იმ დავალიანებას (ანუ 1116 ლარს), რომელიც მათ გადასახდელი აქვთ, _ გვითხრეს სერვისცენტრში.