(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ქუჩებს სახელწოდებები და ნუმერაცია მიენიჭება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 აგვისტოს მიიღო.
ნოდარ დუმბაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ მესხის, აკაკი წერეთლის და სანაპიროს ქუჩა _ ეს იმ ქუჩების ჩამონათვალია, რომლითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაცია მოხდება. დაბა ურეკის დამისამართების გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამისამართების კონცეფციის საფუძველზე მიიღო.
როგორც სამოქალაქო რეესტრის ოზურგეთის სამსახურის უფროსმა ვანო მენაბდემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის დამისამართება იგეგმება. მისი თქმით, დაბა ურეკში 35 ქუჩაა, აქედან, სახელდებით მოიხსენიება მხოლოდ 5 ქუჩა. ურეკის შემდეგ ბოხვაურის, სოფელ ოზურგეთის, ჭანიეთის და ლიხაურის დამისამართება მოხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე დაინტერესდა, რატომ მაინცადამაინც დაბა ურეკიდან დაიწყო ქუჩების დამისამართება.იმიტომ ხომ არა, რომ პრეზიდენტმა ასე ბრძანა? ვანო მენაბდემ მას განუმარტა, რომ ურეკში ძალიან ბევრი მშენებარე სასტუმრო თუ სახლია, თან საკურორტო ზონაა და პრეზიდენტის განცხადებები აქ არაფერ შუაშია.
აღნიშნული სიახლე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ძ” ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე გახორციელდა.