გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში აქცია გაიმართა _ სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, საუკუნოვანი სკოლა შესაძლოა დაიხუროს.
გუთურის საჯარო სკოლა, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაშია და იქ სწავლა ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ორიოდე წლის წინ, ამ სკოლაში, კიბეს მოაჯირი მოძვრა და მოსწავლეს დაეცა. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აქ სწავლის დაბალი დონეა. მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განმარტებით. გუთურის საჯარო სკოლის დირექტორის მოხსნაც სწორედ ამან განაპირობა. შაშკინი მიიჩნევს, რომ გუთურის სკოლის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, სხვა კოლეგების მსგავსად, ვერ უზრუნველყო, რომ ბავშვებს ნორმალური განათლება მიეღოთ.
გუთურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მზია სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არავინ დაინტერესებულა იმ პრობლემებით, თუ რატომ ვერ შეძლეს ამ სკოლის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებში მაღალი ქულების მიღება:
_ ბავშვების რაოდენობა თუ არ იქნება, სკოლა გაუქმდება. დადგა სოფელი საშიშროების წინაშე, რომ აქ არ იქნება სკოლა და ითხოვენ, ბავშვები სხვა სკოლებში არ გადაიყვანონ. სკოლა არ უქმდება და სწორედ ამის თქმა გვინდოდა ამ შეკრებით. სოფლის ხელმძღვანელობა და ყველა ვითხოვთ, რომ სოფელში არსებობდეს ერთი მოწესრიგებული, გარემონტებული სკოლა. ახლა სკოლაში 98 ბავშვია, მაგრამ შესაძლებელია მეტი იყოს _ არავის მოუვა აზრად. ბავშვი გარემონტებული სკოლიდან გადაიყვანოს.
_ ქალბატონო მზია, ბავშვების გადაყვანა ხომ არ განაპირობა იმ ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც გუთურის საჯაროს სკოლაში სწავლის დაბალი დონეა?
_ რატომ არის დაბალი, ამით რატომ არავინ ინტერესდება?! ყველა კლასში არის 5-6 წარმატებული მოსწავლე, მერე არიან საშუალო და შემდეგ დაბალი მოსწრების მოსწავლეები. მშობლებმა ის საუკეთესო ნაწილი წაიყვანეს და დარჩნენ სუსტები. წელს ათი ბავშვიდან, მე, როგორც მასწავლებელმა, 2 ბავშვთან ვაჩვენე შედეგი. ჩამოვიდეს გინდ შაშკინი, გინდ სააკაშვილი და თუ იმ დანარჩენ რვასთან შედეგს აჩვენებს, მე საერთოდ დავანებებ თავს პედაგოგობას. ზოია ჯიბლაძე ჩვენს სკოლაში მუშაობდა, პირველ სკოლაში მასთან ათიანები მიიღეს ბავშვებმა. ის რომ ჩვენთან ყოფილიყო, ამ შედეგს ვერ აჩვენებდა. მაგრამ ის მოხვდა კარგ სკოლაში, კარგ ბავშვებთან და აჩვენა შედეგი. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა იმის გასაგებად, რატომ ვერ ვაჩვენეთ. ჩვენ რომ ბავშვებს დონე ვერ ავაწევინეთ, დირექტორი რა შუაში იყო? ის ძალიან პატიოსანი, მოწესრიგებული და შეგნებული ადამიანია, _ აღნიშნა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, პირველი საჯარო სკოლის და სამრევლო სკოლის წარმომადგენლები სოფელში დადიან და მშობლებს შვილების მათ სკოლაში გადაყვანას სთხოვენ:
_ დადის ირმა ჯიბუტი სამრევლო სკოლიდან, რომლის ფუნქცია არც კი ვიცი, რა არის და მშობლებს ეუბნება, მეუფის კურთხევით დავდივარო. ეკლესიის, ღმერთის სახელით ესაუბრებიან ადამიანებს და ეს მათზე მოქმედებს. ცოტა ხნის წინ ჩვენთან მშობელი მოვიდა _ ისეთი დამუშავებული იყო, რომ ტიროდა: ბავშვი უნდა გადავიყვანო სამრევლო სკოლაშიო. ასე არ შეიძლება. ჩვენთან არც სასულიერო სწავლება დგას უკანა პლანზე _ მამა ვიქტორი ჩვენი სკოლის აღზრდილია. წლევანდელმა ორმა კურსდამთავრებულმა სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. ჩვენ სკოლას ბევრი ღირსეული ადამიანი აღუზრდია და მისი დახურვის მცდელობა კარგს არავის არაფერს მოუტანს, _ ამბობს სიხარულიძე.
აღსანიშნავია, რომ თავად სიხარულიძეს შვილი სამრევლო სკოლაში დაჰყავს:
_ დიახ, ჩემი შვილი სამრევლო სკოლაში სწავლობს, მაგრამ გუთურის სკოლაში გადმომყავს, რადგან მოსახლეობამ მოითხოვა, პედაგოგების შვილებმაც გუთურში ისწავლონო, _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ, რომელიც არ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაიყვანა თავისი შვილი იმ სკოლაში, რომლის წარმომადგენლებს მშობლების გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს.
გუთურის რწმუნებულის, მალხაზ გიორგაძის თქმით, სოფელში გამართულ შეხვედრაზე მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კორნელი კუკულავამ მათ გვერდში დგომა აღუთქვა:
_ სკოლის დახურვის საკითხს არც ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს და არც დეპუტატი _ ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. ბატონმა კორნელიმ მოგვცა პირობა, რომ ყველაფერს გაარკვევს. თვენახევარში საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება.
გუთურელები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ სკოლის დახურვა ბევრ მათგანს პრობლემას შეუქმნის:
_ შესაძლოა, სკოლა ტერიტორიულად ახლოა დაბასთან, მაგრამ აქ ბავშვები სოფლის ბოლოდან დადიან. არ შეიძლება ამ სკოლის დახურვა, პირიქით, ყურადღების მიქცევა სჭირდება. კარგია, რომ ქალაქის სკოლებს არემონტებენ, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? სოფელი აღარ არის საჭირო?! _ ამბობენ ისინი.
_ რა წესია კარდაკარ სიარული და მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება? გვესმის, რომ კონკურენციაა, მაგრამ ამას ასეთი სახე არ უნდა მიეცეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჯინჭარაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სოფელმა და სკოლამ თავის გადასარჩენად უნდა იბრძოლოს:
_ გუთურს დიდი ტრადიციები აქვს და სოფელმა უნდა იბრძოლოს სკოლისთვის. რაც შეხება გადაბირებას, ვინც ეს თქვა, მან უნდა დაასახელოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ჩემი სკოლის სახელით დადის მშობლებთან. სხვა შემთხვევაში, არანაირი ზომების მიღება არ შემიძლია, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
ირმა ჯიბუტი სამრევლო სკოლის მენეჯერია. იგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მზია სიხარულიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, გუთურის საჯარო სკოლაში ერთი, კონკრეტული ბავშვის საბუთების წამოსაღებად მშობლის თხოვნით მივიდა:
_ თუ სიმართლე გაინტერესებთ, გოგონას დედას დაუკავშირდით და ყველაფერი ნათელი გახდება. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი, დაიხუროს სხვა სკოლა. მოსწავლეების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით და თუ ოჯახი ისურვებს, რომ ბავშვი ჩვენ გვანდოს აღსაზრდელად, ეს მხოლოდ გვახარებს და მათთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთების სტიმულს გვაძლევს, _ გვითხრა ჯიბუტმა.
ჩვენი გაზეთი იმ ბავშვის მშობელს დაუკავშირდა, რომელსაც შვილი სამრევლო სკოლაში გადმოჰყავს:
_ ჩემს შვილს ორი წელია, სამრევლო სკოლაში გადმოსვლა უნდა. არანაირი ზემოქმედება ჩემზე არ მოუხდენიათ. მე, როგორც მშობელს, მაქვს უფლება შვილი იმ სკოლაში გადავიყვანო, სადაც მინდა და ამ თემის აჟიტირება მართებულად არ მიმაჩნია. სამრევლოს სკოლის წარმომადგენელი ჩემი თხოვნით მივიდა გუთურის სკოლაში, _ გვითხრა მშობელმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გუთურის საჯარო სკოლის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ჯერჯერობით ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.