მიუხედავად იმისა, რომ გია ტაკიძის დაკავებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რეგიონში დაბნეულობა და მოსალოდნელი შიში არ შენელებულა. ახლა ყველაფერი ტაკიძის “აღსარებაზეა” დამოკიდებული, უფრო სწორედ იმაზე, თუ რომელი სახელისუფლო გუნდი შეძლებს მისი დაკავების სათავისოდ გამოყენებას. ამ შემთხვევაში “ტუზი” ზურაბ ადეიშვილის უწყებს უჭირავს ხელში, თუმცა გულხელდაკრეფილი არც ვანო მერაბიშვილი უნდა იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ ორმა გავლენიანმა მინისტრმა ყოველივე სათავისოდ გამოიყენონ.
ჩვენმა წყარომ გია ტაკიძის საქმის ერთი სკანდალური ვერსიის შესახებ მოგვითხრო: “გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია! ვერ დავიჩემებ, რომ ოზურგეთის გამგებელი არაფერს აშავებდა, ან ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით გადაცდომები არ ჰქონდა, მაგრამ მისი ქრთამზე დაკავება და თითქოს 180 ათასი ლარის მითვისებაში მონაწილეობა გამორიცხულია! ტაკიძე ნამდვილად არ არის კორუმპირებული ჩინოსნის სახე, როგორებიც ზოგადად ბევრია ჩვენს ხელისუფლებაში! ის შესაძლოა რაღაცას აშავებდა, მაგრამ ის ფული, რომელზეც საუბარია, მას სახლში არ მიჰქონდა!!! ან როგორი დასაჯერებელია, რომ 180 ათასი ლარის მითვისებაში დაეხმარა ვიღაცას, რომელმაც ამისთვის ტაკიძეს მხოლოდ 20 ათასი მისცა? თან ეს თანხები საკრებულომ დაუმტკიცა დასუფთავების სამსახურს და არა გამგებელმა, მით უფრო, არც ხელშეკრულება გაუფორმებია ტაკიძეს. თუ ლობირებაა, მაშინ გამგებელს საკრებულოსთან დაულობირებია კურდღელაშვილი და გამოდის, მინიმუმ, საკრებულოს თავმჯდომარე და ის წევრები, რომლებიც საქმეში იყვნენ გარეულები, ტაკიძეს გვერდით უნდა მიუსვან. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს კაცი ვიღაცეების ინტერესებს ემსხვერპლა! რა გამოდის _ ტაკიძე ფულს იღებდა და მის ზედა სართულზე მჯდომ გუბერნატორს ეძინა? ამ “ძილისთვის” მინიმუმ ხომ უნდა მოხსნან ჩიტაიშვილი? და თუ მართლაც ფულს აკეთებდა ტაკიძე, ვინ იყო ლობისტი? იქნებ, ჩიტაიშვილთან მიჰქონდა წილი? ფაქტი ისაა, რომ ტაკიძე არანაირ დიდ ფულთან კავშირში არ იყო! სხვადასხვა სამსახურებში, იგივე დასუფთავებაში, ფულები, ალბათ, “ტყდებოდა”, მაგრამ გია ტაკიძეს ეს ფული სახლში არ მიჰქონდა _ ეს “ნაციონალური ობშიაკის” ფული იყო, ქეიფისა და სტუმრების დასახვედრი თანხა. ყოველ კვირაში ამდენი სტუმარი რომ ჩამოდის და რესტორან-რესტორან დაატარებენ მინისტრებს თუ სხვებს, არც ადგილობრივები რომ არ იკლებენ დროს ტარებას, ამას ფული არ უნდა? ტაკიძე ამის გამო დასაჭერია, მაგრამ მარტო ის კი არა, ყველა, ვინც ამას აკეთებს! კაცი “ნაციონალური ნადიმების” გამო ზის ციხეში, თუმცა მიზეზი, რომ აშკარად პოლიტიკურია, ფაქტია!” _ ირწმუნება ჩვენი წყარო.