(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღს საქართველოს მთავრობის პირველი პირები დაესწრებიან. საამისო სამზადისი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უკვე დაწყებული აქვს. როგორც შევიტყვეთ, დოღზე უსაფრთხოების მკაცრ ზომებს პოლიცია მიიღებს, რადგან არსებული ინფორმაციით, ბახმაროს შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ესტუმროს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ დეტალებზე სასაუბროდ ეწვია ჩოხატაურის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს 16 აგვისტოს ჩოხატაურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. საგანგებო შეკრებაზე, მოგვიანებით, ოთხეულმა სოფელ გორაბერეჟოულის რწმუნებულსაც დაუძახეს, რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეორე განყოფილებისთვის საჭირო 300-კაციანი სეფის შოვნა და ბახმაროში ატანა დაავალეს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბახმაროში 19 აგვისტოს ავტომანქანები სპეციალური საშვებით დაიშვებიან და მათი გადაადგილებაც შეზღუდული იქნება. მოპოვებული ინფორმაციით, ამ დღეს ბახმაროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, მოადგილესთან ჯამბულ ბაკურაძესთან ერთად ეწვევა. დოღზე ელოდებიან იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და პროკურატურის მაღალჩინოსნებსაც. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, დოღს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე პარლამენტარიც დაესწროს. არაა გამორიცხული, ტრადიციულ დღესასწაულზე, პრეზიდენტიც ჩამოვიდეს, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.