(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ცნობილი იყო, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში, პოპულარული ტელე-შოუ “ნიჭიერის” ცნობილ სახეებს კონცერტი უნდა გაემართათ. ღონისძიება ხუთშაბათს, საღამოს 8 საათზე იყო დაგეგმილი, და როგორც ქალაქში გაკრული აფიშებიდან გავიგეთ, მასში მონაწილეობას “ნიჭიერის” წინა სეზონის გამარჯვებული ლევან შავაძე, ფინალისტი გულნაზ გოლეთიანი, ასევე პოპულარული სახეები ილუზიონისტი დავით რობაქიძე, მოცეკვავეები ვერკა და გიორგი, გურული მომღერალი მამა-შვილი მიიღებდნენ მონაწილეობას. ბილეთის ფასი 5 ლარი გახლდათ. როგორც გაირკვა, სწორედ ეს აღმოჩნდა კონცერტის ჩაშლის მიზეზი _ ლანჩხუთელებს ფასი ეძვირათ (არადა, 2-3-ლარიანი ბილეთების შემთხვევაში, კულტურის სახლი კონცერტებზე ივსება ხოლმე), სავარაუდოდ, მიუღებელი აღმოჩნდა დროც _ საღამოს 8 საათზე ლანჩხუთში კონცერტები ძალიან იშვიათად იმართება.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გაიყიდა 7(!!!) ბილეთი. უფულოდ კონცერტის გამართვაზე “ნიჭიერის” სახეებმა უარი განაცხადეს და ღონისძიებაც ჩაშლილად გამოცხადდა. ბილეთის მყიდველებს თანხა უკან დაუბრუნეს.
უკმაყოფილო ლანჩხუთელები ამბობდნენ, “ნიჭიერი” სახალხო პროექტია, მესიჯებს კი ითხოვდნენ და დიდი ამბავი, ანაზღაურების გარეშე რომ გაემართათ კონცერტიო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სტუმრები ამის წინააღმდეგიც არ იყვნენ, მაგრამ ცარიელ დარბაზში კონცერტის ჩატარება არ ისურვეს, თუმცა, ისედაც იმედგაცრუებულები დარჩნენ, ქალაქში მათი შემოქმედების საყურებლად 5 ლარი 10 კაცმაც რომ არ გაიმეტა.