(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 2011-12 სასწავლო წლიდან იცვლება სკოლიდან სკოლაში მოსწავლის გადასვლის წესი. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეთა მობილობის შესახებ კანონი, განათლების მინისტრის ბრძანებით, ამ წლის ივნისში გამოვიდა: “მომავალი სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს უფლება ექნება, აგვისტოსა და სექტემბერში გადავიდეს სხვა სკოლაში. რაც მთავარია, ამისთვის მას განათლების მინისტრის თანხმობა სჭირდება”.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა ამისთვის განათლების სამინისტროში მისვლა, იმედაშვილმა გვიპასუხა, რომ მინისტრის სახელზე უნდა დაიწეროს განცხადება, სადაც მინიშნებული იქნება მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სად სწავლობდა და რომელ სკოლაში სურს გადასვლა: _ ასეთი განცხადებები შეგროვდება სკოლებში, სკოლები გადასცემენ რესურსცენტრს, საიდანაც გაიგზავნება განათლების სამინისტროში, იქედან კი მივიღებთ თანხმობას. არანაირი დაბრკოლება ამ მხრივ მშობელს თუ მოსწავლეს არ ექნება _ უბრალოდ, მათ დროულად უნდა დაწერონ განცხადება, _ თქვა იმედაშვილმა.