(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მომავალი კვირიდან, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოწმება იწყება. როგორც წყარო ამბობს, აიპ-ების შემოწმება გუბერნატორის იდეაა _ ჩიტაიშვილმა უკვე მოითხოვა შესყიდვების სრული დოკუმენტაცია. წყაროს ცნობით, მხარის პირველი პირი ამ ორგანიზაციების შესამოწმებლად სპეციალურ კომისიას შექმნის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაკომპლექტდება კომისია.
ჩიტაიშვილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების დოკუმენტაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია ტაკიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ტაკიძე ქრთამს ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელისგან იღებდა. გამოძიება აღნიშნული სამსახურის საქმიანობას დღემდე სწავლობს და არ არის გამორიცხული, ახალი დეტალებიც გამოიკვეთოს. წყაროს ინფორმაციით, შესაძლებელია, პროკურატურა სხვა აიპ-ების მუშაობითაც დაინტერესდეს, თუმცა, მანამდე დოკუმენტაციას გუბერნატორი შეისწავლის და სავარაუდოდ, რამდენიმე “შემთხვევით დამნაშავესაც” იპოვის.