(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებას 19 სექტემბრისთვის გეგმავენ.
როგორც “გურია ნიუსს” აღნიშნულ ცენტრში უთხრეს, მიუხედავად პროდუქტების გაძვირებისა, მშობელთა შემონატანის გაძვირება ახალი სასწავლო წლისთვის არ იგეგმება. მშობლები ქალაქის ბაღებში ისევ 15 ლარს გადაიხდიან, ხოლო სოფლებში _ 10 ლარს. ასევე ძალაში რჩება ყველა შეღავათი, რაც ვრცელდებოდა აღსაზრდელებზე.
ცენტრის დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მშობელს, სურვილის მიხედვით, შეუძლია, განცხადება წარადგინოს მისთვის სასურველ ფილიალში. მშობელმა განცხადება ფილიალის მენეჯერის სახელზე უნდა შეიტანოს და თან იქონიოს ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა და ერთი ფოტოსურათი. საბუთების მიღება 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“ასევე, მიმდინარე წლის სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, სოფელ ცხემლისხიდში იგეგმება ფილიალის გახსნა. ცხემლისხიდში დღემდე არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დასაქმდნენ, განცხადება სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში უნდა წარადგინონ. მათი შერჩევა მოხდება ცენტრში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. მსურველებმა კომისიას უნდა წარუდგინონ მუშაობის გეგმა, ხედვები, რომელიც დააკმაყოფილებს აღსაზრდელებთან მუშაობის ახალ სტანდარტებს”, _ გვითხრა ჭყონიამ.