(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 8 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმს ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა.
პოლონელების, უკრაინელებისა და იტალიელების ჯგუფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის სრული კომპლექტაცია პირველად იხილეს.
_ მათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდის საექსპოზიციო მასალები ნახეს, დაწყებული ახალი ქვის ხანიდან, დამთავრებული მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის თანამედროვე ოზურგეთის ისტორიის ამსახველი საექსპოზიციო მასალებით, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გოგა ტრაპაიძე. მისივე თქმით, სტუმრები ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.
უცხოელ სტუმრებს გიდობას მუზეუმის ფონდების მცველი და არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი უწევდა. მუზეუმიდან წასული სტუმრები ჯერ ოზურგეთის სამხატვრო გალერეას ეწვივნენ, შემდეგ კი ბახმარო მოინახულეს.