(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ უკვე რამდენიმე დღეა, ჩოხატაურში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი საგზაო ნიშანი დადგეს, რამაც პოლიციელებს ჯარიმების დაწერის ახალი შესაძლებლობა მისცა. საქმე იმაშია, რომ საგზაო ნიშანი ბორდიურზე აყენია, რაც ავტომანქანების მძღოლებისთვის ძნელად შესამჩნევია. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, პოლიციამ უკვე დაწერა ათობით ჯარიმა:
_ თქვენი თვალით ნახეთ, როგორ დგას. თან იქვე თხილის მიმღები პუნქტია და ყოველ კვირას, თხილის ტომრები ნიშანს ფარავს, რაც ზედმეტ პრობლემებს წარმოშობს. პოლიციამ ყველაზე უკეთ იცის, რომ საგზაო ნიშანთან ვაჭრობა არ უნდა დაუშვან, მაგრამ არაფერს ამბობენ, რადგან ეს მათ ბიუჯეტს დააზარალებს, ხალხის ბიუჯეტზე კი დიდი ხანია უკვე აღარავინ ზრუნავს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
ჩოხატაურელები კვირა დღეს, ბაზარში პოლიციელების მიერ გახორციელებულ სხვა უკანონობაზეც ამახვილებენ ყურადღებას:
_ ე.წ. “კრუგთან”, ყოველ ბაზრობის დღეს, რამდენიმე პოლიციის ავტომანქანა არის დაყენებული, რაც სხვა ავტომობილებს მოძრაობაში ხელს უშლის. გარდა ამისა, პოლიციელების ნებართვით, მათი ახლობლების ავტომანქანებიც იკავებენ “საპატიო” ადგილს. ასე სადამდე უნდა გაგრძელდეს? გასაგებია, რომ ქვეყანა პოლიციისაა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ სხვებიც ცხოვრობენ?! _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები “გურია ნიუსთან” საუბრისას.