(გურია ნიუსი) _ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამხარეო სამმართველოს ახალდანიშნული უფროსი დავით ცირეკიძე სამსახურში პირველად 14 სექტემბერს გამოცხადდა. მას მასპინძლობა უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი ჯაფარიძემ გაუწია.
ცირეკიძემ სამხარეო პოლიციის შენობაში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო, თვალი გადაავლო ახალ სამსახურს და იქაურობა მალევე დატოვა.
დავით ცირეკიძე ჯერ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, ბოლოს კი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
გიგა ჯაფარიძე სამსახურიდან მიმდინარე კვირაში დაითხოვეს. მისი გათავისუფლების მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება. იგი აღნიშნულ სამსახურს ერთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” შეეცადა, კომენტარი სამინისტროსგან მიეღო, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ ჩვენს ზარს არც მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ უპასუხა.
გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში, დაადასტურა ინფორმაცია, რომ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე დავით ცირეკიძემ შეცვალა.
_ ბატონო ვალერ, იცნობდით დავით ცირეკიძეს?
_ მე არ ვიცნობდი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე და საკმაოდ გამოცდილი კადრია, დარწმუნებული ვარ, გურიაშიც ყველაფერს კარგად გაუძღვება.
_ როგორც ვიცი, თქვენ დღეს შეხვდით მას.
_ ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით ცირეკიძე გუბერნატორის გარდა, ვიცე-გუბერნატორებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა.
გურიის ჩინოვნიკებთან ახალდანიშნული დავით ცირეკიძე ხუთი წუთით გაჩერდა და გეზი გამჭვირვალე პოლიციის შენობისკენ აიღო.