გაჭირვებულთა სათვალავი ჩვენს ქვეყანაში, ტელევიზორის გარდა, რომ რომ არსად მცირდება, ყველამ კარგად იცის. სარა გობრონიძე სახლკარდანგრეულთა ის წარმომადგენელია, რომელიც ამაოდ ელოდება დახმარებას და დანგრეულ კედლებს შეშინებული შეჰყურებს, ცალი ფეხით კი გასაქცევად მზადყოფნაშია, ვაითუ, უცებ დამენგრეს თავზე ეს მორყეული სახლი და გარეთ ვერ გავასწროო.
_ ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში. ჩვენი ოჯახი ხუთსულიანია _ მე, ჩემი ქალიშვილი, სიძე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ძალიან ცუდ პირობებში ვართ, ფანჯრების ნაცვლად, ცელოფანი მაქვს აკრული, თავზე მაწვიმს, ღამეს მეზობლებთან ვათევ. 2010 წლის დეკემბერში, მეწყერმა დამინგრია სახლი. ბეწვზე გადავრჩით. ბავშვები გარეთ იყვნენ, გუგუნის ხმა მომესმა, გარეთ გამოვედი და ჩემ თვალწინ სახლი მთლიანად ჩამოიშალა. მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გამგებელს გიორგი ტაკიძეს, მის მოადგილეს ქვილორიას. გამოყვეს სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ჩემი მდგომარეობა, პირობები, შეადგინეს აქტი და გადასცეს თბილისს. დეკემბერში, ყოველდღე მივდიოდი ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გუბერნატორთან ორჯერ მქონდა შეხვედრა, მის მოადგილესთან შაფაქიძესთანაც ვიყავი. მან მითხრა, რომ ჩემი საქმე გადაწყვეტილი იყო დადებითად. მითხრეს, რომ მომეძებნა სახლი, მერე ნახავდნენ თვითონაც და შეთანხმებით მიყიდდნენ. მართლაც ვნახე რამდენიმე სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ნახეს და არ მოეწონათ, კიდევ ეძებეთო, დამავალეს. მერე გვითხრეს, რომ ხელშეკრულებას გამიფორმებდნენ და მიქირავებდნენ ბინას. მე უარი ვთქვი და მოვითხოვე, ერთი ოთახი იყოს და მე მეკუთვნოდეს,-მეთქი.
ბავშვი ავად გამიხდა, ეპილეფსია დაემართა. არანაირი საშუალება არ მაქვს, ვეპატრონო. მივმართე ახალდანიშნულ გამგებელს, მივუტანე ბავშვის დიაგნოზი; ვუთხარი, რომ მედიკამენტები, რომელიც ბავშვს ესაჭიროება, ძალიან ძვირი ღირს. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მონიჭებული მაქვს ქულა, მეკუთვნის ფულადი დახმარება, 100 ლარი ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩამერიცხა.
ბავშვი ახლა სკოლაში შედის, სახლი კი არ გვაქვს, სად ვამეცადინოთ, სად დავაძინოთ? იქნებ, ხელისუფლებამ შეარჩიოს საცხოვრებელი და შემიძინოს?! ახალდანიშნული გამგებელი მეუბნება, გიქირავებთ ბინასო, თუმცა, უკვე მერამდენეჯერ ვეუბნები, რომ მხოლოდ საკუთარი სახლი მინდა, ნაქირავებში რომ შევიდე, შემდეგ არავინ არაფერს აღარ მომცემს, _ გვითხრა ქალბატონმა სარამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ გაეცნო ამ ქალბატონის ოჯახურ მონაცემებს და ადასტურებს, რომ ის მართლაც უკიდურესად გაჭირვებულია და დახმარებას აუცილებლად საჭიროებს.
_ მოვიძიე დოკუმენტები. გეთანხმებით, დახმარებას საჭიროებს, ნამდვილად გაუსაძლის მდგომარეობაშია, თან ჰყავს ავადმყოფი შვილიშვილი, მე მას ასი ლარის წამლები შევუძინე კიდეც და შევპირდი დახმარება. მან უნდა მონახოს სოფელში სახლი, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 5 000 ლარის ფარგლებში ჩაეტევა, მანამდე კი დროებით შევიდეს სადმე ქირით. ვიდრე სახლს არ შევუძენთ, ქირასაც ჩვენ გადავუხდით.
ვაშაყმაძის წინადადება ურიგო არ არის, თუმცა, დაზარალებული მაინც უნდობლობას იჩენს, _ არ სჯერა, რომ ნაქირავებ ბინაში შესვლის შემდეგ, საკუთარ სახლს უყიდიან.