(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” განმეორებითი სათასო მეთექვსმეტედფინალური მატჩი ჭიათურაში, “მაღაროელთან” 1:2 წააგო. პირველი შეხვედრა ასევე, ჭიათურაში გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ლანჩხუთელებმა იმერეთში მეორე შემადგენლობა გაგზავნეს, რადგან კლუბს აქცენტი ჩემპიონატზე აქვს აღებული. პირველი ლიგის ბ ზონაში წაუგებლად მოასპარეზე “გურია” 8 ქულით მესამე ადგილზე და უშუალო კონკურენტს “ზოოვეტს” 19 სექტემბერს “ევგრაფ შევარდნაძეზე” მიიღებს. ამ შეხვედრაში ჩვენებურებს გუნდის ლიდერი იაგო დეისაძე დააკლდება, რომელსაც 4 ტურში გატანილ 7 გოლთან ერთად, 3 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და შეხვედრას ავტომატურად ტოვებს.
ასევე წარუმატებლად იასპარეზა თასზე “მერცხალმაც” _ კლუბმა ბათუმის “დინამოსთან” სახლში უფრო დიდი ანგარიშით წააგო _ ოზურგეთში 0:4, ბათუმში _ 0:3. ჩემპიონატშიც კი “მერცხალიც” უდანაკარგოდ ასპარეზობს, მასაც “გურიასავით” 8 ქულა აქვს და ისიც მესამე ადგილზეა (თუმცა, მეორე ადგილს მხოლოდ ბურთების სხვაობის გამო თმობს). მორიგ ტურს “მერცხალი” 20 სექტემბერს გამართავს და ჭიათურაში “გურიას” მძლეველ “მაღაროელს” ესტუმრება.