(გურია ნიუსი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მალე ჩოხატაურს ახალი გამგებელი ეყოლება. ეს ინფორმაცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, თუმცა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ახალ გამგებელს დედაქალაქიდან ჩამოიყვანენ, რომელიც ჩოხატაურის გამგეობაში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. წყაროს თქმით, გამგეობის რამდენიმე სამსახურში უფროსები შეიცვლება და არ არის გამორიცხული, საკადრო წმენდა არასამეწარმეო იურიდიულ პირებსაც შეეხოს.
ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გადაწყვიტეს გია გიორგაძის გათავისუფლება. წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის ამჟამინდელ გამგებელს, ზემდგომი ზედმეტად დამთმობ ხასიათს უწუნებს და მიუხედავად მისი პატიოსნებისა, მიაჩნიათ, რომ ჩოხატაურს უფრო ძლიერი და მომთხოვნი გამგებელი სჭირდება.
როგორც გვითხრეს, გიორგაძე უსამსახუროდ არ დარჩება და მას მნიშვნელოვან თანამდებობას ჩააბარებენ. არ არის გამორიცხული, მოქმედმა გამგებელმა, რომელიმე რეგიონალური სამსახური ჩაიბაროს, უარეს შემთხვევაში კი, ძველ პოსტს _ მოადგილეობას დაუბრუნდება.