COVID-19-ით გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ სასურსათო კრიზისის აპოკალიფსური სურათი ნათლად დაგვანახა: დახურული კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, ბაზრობები, გაუქმებული ღონისძიებები სურსათზე მოთხოვნილების მკვეთრი დაცემის საფუძველი გახდა; საზღვრების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ, კარანტინებმა და საგანგებო ვითარების შემოღების აუცილებლობამ მუშახელის მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია; ფინანსური კრიზისის გამო, ფულის რესურსი ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა; ნაკლებად განვითარებული მეურნეობების მქონე ქვეყნებისთვის კი, სურსათის დეფიციტი რეალობად იქცა და შესაბამისად, ფასების ზრდა გრძელდება…
სურსათის წარმოების, მასზე მოთხოვნის და მიწოდების ჯაჭვების დაწყვეტა _ ასე აფასებენ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები აგრარულ სექტორში არსებულ მდგომარეობას მოცემულ მომენტში, თანაც, პანდემია არ დასრულებულა და სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება.
ფოტო “გურია ნიუსის” არქივიდან
სხვადასხვა ქვეყნის ანტიკრიზისულ გეგმებში, პანდემიის პირველივე ეტაპზე გაიწერა აგრარულ სექტორის შეძლებისდაგვარად დაცვის მექანიზმები. ეს მექანიზმები მოიცავდა უამრავ სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად, კანადის მთავრობა ფინანსურად ეხმარება ინდივიდებს, ბიზნესებს და ინდუსტრიებს პირდაპირ ფულის დარიგებით და კრედიტებზე ხელმისაწვდომობით. ავსტრალიის მთავრობამ სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები აუცილებელი საჭიროების ბიზნესების სიაში შეიყვანა და მისცა მუშაობის უფლება კარანტინის პერიოდში. გარდა ამისა, სეზონური მუშახელისთვის გაამარტივა სამუშაო ვიზის გაგრძელების პროცედურები. ევროპის კონტინენტზე სამუშაო დაკარგულებს და უნივერსიტეტების აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებს მოუწოდებენ იმუშავონ ადგილობრივ ფერმებში (საფრანგეთი და გერმანია); სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების შექმნით ცდილობენ სოფლის მეურნეობის სფეროში ადამიანური დეფიციტი აღმოფხვრან (იტალია); მუშახელის მოსაზიდად და მიგრანტების დასასაქმებლად არბილებენ რეგულაციებს (ესპანეთი);ბოსნია-ჰერცოგოვინაში ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის მცირე ფერმერებს სათეს პაკეტებს სთავაზობს. ზღვის დონიდან 600 მეტრზე და უფრო მაღლა დასახლებულ მოსახლეობას გადასახადებს უკან დაუბრუნებს, დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში, საწარმოო და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართვაში, მეცხოველეობის ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოხმარებისთვის გადამუშავების სექტორების გაძლიერებაში. დამატებით თანხები დაიხარჯება ინდუსტრიული კულტურების მოყვანასა და ორგანული ფერმების განვითარებისათვის. ასევე, ყურადღება მიექცევა აქამდე მიტოვებული მიწების დამუშავებას (მონაცემები ეყრდნობა ფერმერთა ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევას “კორონავირუსის გავლენა სოფლის მეურნეობაზე: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმები“).
“მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი არა მხოლოდ კორონა ვირუსის გამო არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი აზრით, საწარმოო ჯაჭვში არსებული მოუგვარებელი საკითხები, ცოდნის არქონა და სისტემების ჩამოუყალიბებლობა, აგრარული სექტორის განვითარებას პანდემიის გარეშეც აფერხებს:
_ დავიწყოთ იმით, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსის პირველმა ტალღამ შემოგვიტია, რეალიზაციის პრობლემები დადგა, მათ შორის ლოჯისტიკის პრობლემა, რადგან ფერმერებს გადაადგილება არ შეეძლოთ. ასე თუ ისე, ეს ეტაპი გადავიარეთ, მაგრამ საგაზაფხულო მოსავლიანობის პერიოდში, იგივე რეალიზაციის და ლოჯისტიკის პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი. რაც შეეხება ფერმერთა დახმარების პროგრამებს, ძირითადად რაც განხორციელდა, სოციალური ტიპის დახმარებებია (იგივე ხვნა-თესვის აქტივობა, ვაუჩერები და სხვ.). არის აგრობიზნესის დახმარების კომპონენტიც, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, გრძელვადიან პროგრამებში თანადაფინანსებით შესვლა ბიზნესს უჭირს. აღარ იდება სერიოზული აგროინვესტიციები. საბანკო სექტორისთვისაც კიდევ უფრო რისკიანი გახდა აგრობიზნესის დაკრედიტება. ამდენად, უახლოეს პერიოდში ჩვენს სექტორში მსხვილი პროექტების გამოჩენას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
აგროსექტორისთვის უმწვავესია მიწის საკითხი. იცით, რომ არსებული სავარგულების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია და ფერმერებს მისი გამოყენება უჭირთ. ასევე, რთულია მიწის ნაკვეთების დაკანონებაც, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით იყო გაცემული. აქვეა საძოვრების გადაუჭრელი პრობლემაც. ზოგადად მიწის პოლიტიკა ჩვენი სუსტი მხარეა. არადა, ვიდრე არ გვექნება ქვეყანაში მიწის ერთიანი კადასტრი, არ დაიდება მიწის რეფორმის თანმიმდევრული და გააზრებული ხედვა, ვიდრე არ გაიწერება კონკრეტული ვადები და პასუხისმგებელი პირები, იქამდე სოფლის მეურნეობაში ეფექტური შედეგები დაიგვიანებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნასთან და უნარებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ინფორმაციის ნაკლებობა. ერთი მხრივ, ფერმერებს არ აქვთ სათანადო ცოდნა კონკრეტულ მიმართულებებში, ფერმის სწორ მენეჯმენტზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მეორე მხრივ, ხელისუფლებიდან მათთან დაგვიანებით ან საერთოდ არ მიდის ინფორმაციები კონკრეტულ აქტივობებზე.
ასევე, მთლიან საწარმოო ჯაჭვში არის მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად, ვზრდით ნათესი ნაკვეთების რაოდენობას და შემდეგ მოწეულ პროდუქტს ვერ ვაბინავებთ, ვერ ვყიდით. სახელმწიფო სუბსიდიების, პანდემიის შედეგების და სხვა ფაქტორების გავლენით, გაიზარდა იგივე კარტოფილის მოსავალი, მაგრამ საადრეო პროდუქტის რეალიზებას ვერ ვახერხებთ და გვიფუჭდება. ასევე, გვაქვს გადამამუშავებელი საწარმოების, შესანახი მაცივრების პრობლემები. ზოგადად დარგების განვითარებისთვის საჭიროა ერთიან ჯაჭვში სრულად შევძლოთ თანმიმდევრულობა, მაგრამ ამისთვის ბევრი ფული და ცოდნაა საჭირო. მაგალითად, ქვეყანაში უამრავი მეფრინველე ფერმერია, მაგრამ იმის გამო, რომ სასაკლაოების დეფიციტია, დარგი წინ ვერ მიდის და მოხმარებული ფრინველის ხორცის დიდი ნაწილი სწორედ იმპორტზე მოდის. ასეა თითქმის ყველა მიმართულებით.
სულ ვამბობთ, რომ იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, თურქეთიდან შემოსულ პროდუქტს ქართველი ფერმერი ვერ უწევს კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ თურქ ფერმერს მეტი ხელშეწყობა აქვს, თანაბარ პირობებში რომ ჩააყენოთ ჩვენი ფერმერი, პრობლემა ტექნოლოგიების გამოყენებაშია. თუკი ქართველი ფერმერი 1 ჰა-ზე პირობითად 5 ტონა მოსავალს იღებს, რამდენჯერმე მეტს იღებს თურქი ფერმერი. ამიტომ ტექნოლოგიები აუცილებლად უნდა მივაშველოთ აგრარულ სექტორს. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტით ამას ვერ გავუმკლავდებით, საჭიროა მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც ტექნოლოგიებიც შემოყვება. მაგრამ აქ კვლავ მიწის პოლიტიკას მივადგებით და ასე წრეზე ვტრიალებთ.
კიდევ ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში იმპორტიორ ფერმერს აყენებს ისაა, რომ გაერთიანების და კოოპერაციის უნარი არ გვაქვს. შეიძლება ერთი სოფლის მოსახლეობა ერთი მიმართულებით მუშაობდეს, მაგრამ წარმოების და რეალიზაციის ვერც ერთ ეტაპზე ვერ ერთიანდებიან. ვერც მიწის კონსოლიდაციის, ვერც აგროსამუშაოების და ვერც მყიდველის ძიების ეტაპებზე. ასე დათითოკაცებულები, შედეგს, ცხადია, ვერ დავდებთ.
_ რამდენად გაართვა თავი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პანდემიისგან სექტორის დაცვის ამოცანას?
_ პანდემიის დასაწყისში საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა. სხვათა შორის, გამოაჩინა ის მწვავე საკითხები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია. მაგალითად, ქვეყანაში გვაქვს ზედმეტად დივერსიფიცირებული ლოჯისტიკა. არ არის თუნდაც რეგიონალურ დონეზე ერთი მსხვილი სადისტრიბუციო ქსელიც კი, რომელიც გაუმკლავდებოდა პანდემიის კრიზისით გამოწვეულ შედეგებს.
ასევე არ ხდებოდა მუნიციპალური რესურსების სწორი გამოყენება _ სოფლის რწმუნებულების ჩართვა ასეთი კრიზისის დროს აუცილებელია. მით უფრო, მათ ყველაზე კარგად იციან, რომელ ფერმერს რა აქვს სადისტრიბუციო და როდის. ეს ინფორმაციები უნდა ამოეღოთ, ეწარმოებინათ მოლაპარაკებები დისტრიბუტორებთან და ფერმერს არ ერეკა “ცხელ ხაზზე“. ზოგადად, კოორდინაციის და მენეჯმენტის საკითხი კვლავ ჩვენი “აქილევსის ქუსლია“.
დღეს იგივე ვითარება არ გვაქვს, რადგან არ არის მიმოსვლა ჩაკეტილი და თავად ფერმერები აგვარებენ რეალიზაციის პრობლემებს. თუმცა, ვინც ექსპორტში იყო ჩართული, გარკვეული უკუსვლები აქვთ. იგივე კარტოფილი, რომელიც გადიოდა აზერბაიჯანში, კოვიდის ფონზე აღარ გადის, არც ალტარნატიული ბაზრები გამოჩნდა, რამაც ფერმერებში დიდი ზარალი გამოიწვია. ზოგადად, მალე უფრო მკვეთრად გამოჩნდება საგაზაფხულო მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. გასულ წელს ისეთი გაკვეთილები მივიღეთ, იმედია, ხელისუფლებას ახლა მაინც იქნება უკეთესი გეგმა.
ვიტალი კილასონია, ახალგაზრდა ფერმერი: „პანდემია გლობალური პრობლემაა და ცხადია, შეეხო სოფლის მეურნეობის დარგსაც. რადგან მოთხოვნა-მიწოდება ყოველთვის არის სოფლის მეურნეობაში, არ შეჩერებულა, მაგრამ შემცირდა ან დროებით შეჩერდა ბევრი პროექტი, რომელიც უნდა გახორციელებულიყო. ჩემს შემთხვევაში, დროებით გადაიდო სასათბურე მეურნეობაში მწვანილის წარმოების პროექტი.
სამთავრობო ხელშეწყობა სამინისტროდან იყო, მაგალითად, იყო წვეთოვანი სარწყავი სისტემის და ნერგების დაფინანსების პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ფინანსდებოდა სრულად, შემდგომ კი ნახევრად. ვფიქრობ, ეს პროგრამები კარგად მუშაობდა და გურიაში ბევრი ბაღი გაშენდა, უბრალოდ, არსებობენ ისეთი ფერმერები, რომლებსაც ეს პროგრამები არ შეეხოთ მიწის ფრთობის შესახებ დათქმების გამო და ვერ მიიღეს მონაწილეობა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ამ პირობებთან ერთად, კონსულტაციები გაემართათ საველე და თეორიულ ნაწილში, რაც ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა ფერმერებისთვის და სამინისტროც ნაკლებ რესურსს დახარჯავდა,_ ამბობს ვიტალი.
მისი აზრით, სამთავრობო დახმარება უფრო მექანიზაციის საშუალებებით დახმარებებს უნდა მოიცავდეს. ასევე, მისი აზრით, სისტემური პესტიციდების შემოტანა-მოხმარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რადგან საქართველოს მომავალი სოფლის მეურნეობაში ბიოწარმოებას უნდა დაუკავშირდეს.
გელა გობრონიძე 60 წლისაა. მან, დაახლოებით 10 წლის წინ, 5 ჰექტარზე თავისი სახსრებით გააშენა თხილი ე.წ. “ლეკიანის“ ტერიტორიაზე _ მაშინ არავის არ ქონდა იქ თხილი გაშენებული.
_ შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით ავიღე სესხი და კიდევ ორ ჰექტარზე გავაშენე. ეს იყო ოთხი წლის წინ. სწორედ ამ ნაკვეთებზე სამუშაოების ჩასატარებლად ვისარგებლე დიზელის პროგრამით პანდემიის დროს, _ ამბობს გელა გობრონიძე.
მისი თქმით, გამოცდილებაც დააგროვა და დარგის სპეციალისტებსაც ხშირად აკითხავს; თვლის, რომ როდესაც სოფლის მეურნეობაში აპირებ დამკვიდრებას, სპეციალისტების გარეშე ეს წარმოუდგენელია.
_ ახლა კიდევ არის პროგრამა _ ლურჯი მოცვის და ამ კუთხითაც ვიწყებ მუშაობას. დავდე უკვე ხელშეკრულება და 3 ჰექტარზე ვაპირებ გაშენებას. 20 წელზე მეტია სოფლის მეურნეობის საკითხებით ვარ დაკავებული, ოჯახის წევრებიც აქტიურად მეხმარებიან და შვილი მყავს აგრონომი, _ გვითხრა გელა გობრონიძემ.
თეა კუპრაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონულ სამმართველოს უფროსი: „2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ მომზადებული დახვდა პოსტ პანდემიურ პერიოდს და ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი შემუშავდა, რათა ჩვენს ფერმერებს არ ეგრძნოთ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა. პირიქით, ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველა რგოლში დახმარება აღმოგვეჩინა, იქნებოდნენ მცირე თუ მსხვილი ფერმერები. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს დახმარება ყოფილიყო მიზნობრივი და დადებითად ასახულიყო მათ შემოსავლებზე. ამ კუთხით, დაიგეგმა, როგორც პირდაპირი პროგრამები, ისე სხვა პროგრამები.
შევეცდები დეტალურად ვისაუბრო, ყველა პროგრამის შესახებ: პირველი, პირდაპირი დახმარების პროგრამა, რომელსაც სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა პროგრამა ჰქვია და რომელიც ითვალისწინებდა იმ მიწის მესაკუთრეთა დახმარებას, ვისაც მიწა საკუთრებაში ჰქონდა. 1 ჰა–ზე 200 ქულით ხდებოდა დახმარება, რაც 200-ლარიან დახმარებას ნიშნავს. ამ თანხის გამოყენება, აგრობარათის მეშვეობით, გლეხს აძლევს საშუალებას, შეისყიდოს სასუქები, სასოფლო–სამეურნეო ინვენტარი და ა. შ. პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის მაისში დასრულდა.
მეორე, ასევე მიზნობრივი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა; ფერმერებს საშუალება ჰქონდათ 1 ჰა ფართობის შესაბამისად, 150 ლიტრ საწვავზე ესარგებლათ ფასდაკლებით და ახლაც ისარგებლებენ, სამუშაოების ჩასატარებლად. ეს პროგრამა 2020 წელს დაიწყო და წელს, გარკვეულწილად ცვლილებები შევიდა მასში. თუ ადრე, ბენეფიციარი აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო ჩვენთან სააგენტოში, საჯარო რეესტრში ან ბანკში და მიეღო ეს სერვისი, თებერვლის თვიდან ამ პროგრამაში ჩართვის მსურველი ელექტრონულად რეგისტრირდება https://my.mepa.gov.ge-ზე, შემდეგ ჩამოტვირთავს ამ ტალონს ელექტრონულ ფორმატში და ამავე ფორმატში, საშეღავათო პირობებით ბენზინგასამართ სადგურზე გაანაღდებს მას.
ასევე, სააგენტო ახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას. იმისათვის, რომ ფერმერებისთვის დახმარება ამ მიმართულებითაც გაგვეწია, 2020 წელს გახორციელდა და ქვეკომპონენტად დაემატა ერთწლიანი კულტურების აგროკრედიტი. ფერმერს რომ ესარგებლა უპროცენტო კრედიტით, ჩვენი სააგენტო ამ პროგრამის ფარგლებში 17%-ს სრულად უფინანსებდა ექვსი თვის განმავლობაში. ფერმერს ჰქონდა საშუალება, რომ წლის დასაწყისისთვის ესარგებლა აგროკრედიტით და ექვსი თვის შემდეგ გადაეხადა მხოლოდ ის თანხა, რომელიც მას ჰქონდა დამტკიცებული, ყოველგვარი პროცენტის გამოკლებით. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იყო, ჩვენი ფერმერებისთვის და საკმაოდ ბევრმა მათგანმა ისარგებლა, გურიის მასშტაბით.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები იყო, 2020 წელს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მცირე მექანიზაციის შესყიდვას, ნახევარ ფასად. შესყიდვის 50%-ს ჩვენი სააგენტო სრულად ფარავდა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, მეორე კომპონენტიც ჰქონდა, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც სასათბურე მეურნეობის გამართვას, გულისხმობდა სარწყავი სისტემის მოწყობას. ამ პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, 16 ხელშეკრულება მომზადდა და სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 331 ათას 243 ლარი, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ჩვენ გვაქვს ახალი სასათბურე მეურნეობები, ასევე მოხდა რამდენიმე უკვე არსებულის გადაიარაღება, _ ამბობს თეა კუპრაძე, რომელიც 2021 წელს მიმდინარე პროექტებზეც საუბრობს.
“გურია ნიუსმა“ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს გიორგი ავალიანს მიმართა რამდენიმე კითხვით.
_ რამდენმა ფერმერმა ისარგებლა აგროდიზელის ხელშეწყობის პროგრამით?
_ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 259,500 ფერმერს დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 33,328,000 ლარზე მეტი, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 29,850,000 ლარამდე თანხა.
ასევე აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 157,000 ბენეფიციარმა 30,500 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. აქედან, ბენეფიციარებმა 12,500 ტონა საწვავი ჩაასხეს.
2020 წლის განმავლობაში, მხოლოდ გურიის რეგიონში, 6,222 ბენეფიციარმა 955 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. აქედან, ბენეფიციარებმა 488 ტონა საწვავი ჩაასხეს.
_ სისტემურ პროგრამებს რომ შევეხოთ, როგორ მიმდინარეობს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამები?
_ აგროდაზღვევა ერთ–ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და ამის უნივერსალური წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს.
ჩვენი პროგრამით ფერმერებს შეეძლებათ სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან თუ საშემოდგომო ყინვისგან მრავალწლიანი კულტურები 3 წლის განმავლობაში დააზღვიონ. პროგრამა, მარცვლეულის შემთხვევაში, მაქსიმუმ, 30 ჰა–მდე ტერიტორიაზე, სხვა დანარჩენ კულტურებზე კი 5 ჰა–მდე ტერიტორიაზე ვრცელდება. ვაზის შემთხვევაში დაზღვევის თანხის ნახევარს, 50%-ს სახელმწიფო ფარავს, სხვა შემთხვევაში კი – 70 პროცენტს. პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებიც. ამ ტიპის გაერთიანებას, მაქსიმუმ, 50 ათასი ლარის პრემიის მიღება შეუძლია.
აქ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადაფინანსება. ეს ერთ–ერთ კარგ პროექტად მიიჩნევა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 115,800 პოლისი. დაზღვეულ იქნა 827,862,000 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 103,500 ჰა მიწის ფართობი. ჯამში, სოფლის განვითარების სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 48,122,000 ლარი. 2014-2020 წლებში ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა _ 55,811,000 ლარზე მეტი.
_ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამაა ფერმერებისათვის. დეტალურად და ბენეფიციარებისათვის გასაგებ ენაზე რომ მოუყვეთ მკითხველს, რა გზა უნდა გაიარონ მათ, ე.წ. იაფი ფულის მოსაპოვებლად?
_ პირველ რიგში, მათ უნდა მიმართონ საფინანსო ინსტიტუტს, მარტივად და გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბოს რისთვის სჭირდება თანხა და რა საქმის წამოწყებას აპირებს. ბანკი განიხილავს მის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის მიიღებს დაფინანსებას კრედიტის სახით. შეღავათიანი აგრო კრედიტი არის შეღავათიანი ფული. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან, რომლებიც ახორციელებენ სესხების გაცემას. მთლიანობაში სესხები გაიცემა 20,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 48 თვის განმავლობაში 11% ოდენობით საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას. აღნიშნული პროექტის გახორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. პროექტი დაწყებიდან დღემდე, გაიცა 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების 48,000-ზე მეტი სესხი; სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 424,551,000 ლარი. მხოლოდ გურიაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა 42 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 449 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ კი შეადგინა 7,538,000 ლარი, _ ამბობს გიორგი ავალიანი.
გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე