ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა – 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. თუმცა აბიტურიენტები კვლავ სამი საგნის მიხედვით ჩაირიცხებიან.
ცვლილებები შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის გამოცდის ტესტებშიც – ამ სიახლეების შესახებ დღეს გახდა ცნობილი და ბუნებრივია, იმთავითვე გაჩნდა უამრავი კითხვა, მოსაზრება და ჯერჯერობით, ცოტა ბუნდოვანია, რას მოუტანს ეს ყველაფერი აბიტურიენტებს, ან რა გამოწვევების წინაშე დადგება მთლიანად სისტემა. ამ კითხვებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველ ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პასუხობს.
„ამ ინიციატივას სიახლეს ვერ ვუწოდებთ. დავუბრუნდით რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობას. იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილება იყო ამ არჩევანის აბიტურიენტებისთვის წართმევა, ახლა კი ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა. ეს არის არჩევანი ვისთვის? აბიტურიენტებზეა აქცენტი გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ დამკვეთი არის უმაღლესი სასწავლებელი და უნდა გავითვალისიწინოთ, როგორი სტუდენტების მიღება სურთ მათ. მეორე ფაქტორი – თუ უკან დავბრუნდით და იგივე ფორმას ვთავაზობთ, მაშინ გაუგებარია ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება, უმაღლესისთვის ხომ მნიშვნელოვანია, მიიღოს ისეთი სტუდენტი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს აკადემიური უნარები?! ეს არასწორი ნაბიჯია და კარგი იქნებოდა, მეტად დაფიქრებულიყვნენ. არ დაგვავიწყდეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ემსახურება უმაღლეს სასწავლებლებს. გარდა ამისა, რაც უფრო კომპლექსური და რთულია საგამოცდო სისტემა, მით რთულია შეინარჩუნო გამჭირვალობა, ამ ცვლილებისას მნიშვნელოვანია რამდენად სამართლიანად მოხდება გრანტის გადანაწილება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვხედავ ძირეული რეფორმის და არა კოსმეტიკურის საჭიროებას“,– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
წყარო: etaloni.ge