“ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე“, _ ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიამ ოთხი კრიტიკული მედიის – “მთავარი არხის”, “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “კავკასიის” მიკროფონები დაიჭირა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის საქციელი პირდაპირი სიგნალია, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.
“ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად.
ოთხივე მიკროფონი მიჭირავს იმიტომ, რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი, მის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო “ფორმულას” მიკროფონი, “ტვ პირველის” მიკროფონი, “კავკასიის” მიკროფონი. ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი, 24-საათიანი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ.
ქალბატონი წულუკიანის საქცეილზე კომენტარი ძალიან მიძნელდება, მისგან მოულოდნელი, მე განსაკუთრებით, არაფერი მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი, როგორც მის უკან მდგომი ორკების მთავრობა არის ყველაფერზე წამსვლელი, ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ დიახ, იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა”, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.
ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა, მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.