გიორგი კვირიკაშვილი შეთანხმების ანულირებაზე: მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე
,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე”. ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლასა და 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებას.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობაც”.
,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.
და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა, _ წერს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.
ავტორი: მერაბ ცაავა