(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ პრობლემა, რომელზეც “გურია ნიუსი” წლების განმავლობაში წერს, ახლაც მოუგვარებელია _ ქალაქ ოზურგეთში თავღია ჭებს რუსთაველის და აბაშიძის ქუჩებზე კვლავ ნახავთ და არამარტო ამ ქუჩებზე. მაგალითად, აბაშიძის ქუჩაზე თავღია ჭას ავტომობილის საბურავი აქვს გადაფარებული ისე, რომ არ არის გამორიცხული, თუ ადამიანმა ვერ შეამჩნია, ჭაში საბურავთან ერთად ჩავარდეს.
ჩვენ დავინტერესდით, როდის მოგვარდება ეს პრობლემა, თუმცა, გარდა იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლებში შეხვედრაზე იმყოფებოდა, მისი მოადგილე, მიხეილ გოგოტიშვილი დაოჯახდა და თაფლობის თვეს ატარებს, ვერაფერი გავარკვიეთ.
რაც შეეხება ლავრენტი ქვილორიას, მათთან დაკავშირება იმ მიზეზით არ გვიცდია, რომ ბოლოს, როცა ვესაუბრეთ, წერილობითი ფორმით მიმართვა გვთხოვა, თან შეგვპირდა, რომ პასუხს 18 დღეში მივიღებდით, მესამე მოადგილეს ლაშა ღლონტს კი ჭებთან “არანაირი შეხება არ აქვს” და დღედაღამ ამერიკულ პეპლებს ებრძვის.