(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 22 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის შენობა, ბავშვების სამყოფი ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები.
საბავშვო ბაღის გამგეები საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მოგვარებული და მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვირა ყოველთვის რთულია, ახალი სასწავლო წელი, შეიძლება ითქვას, მაინც წარმატებით დაიწყო”, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის გამგემ, ინდირა კილაძემ.
ორი ბაღის მონახულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარემ შთაბეჭდილებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველა ბაღი ბავშვების მისაღებად მობილიზებულია და ბავშვებსაც და მშობლებსაც დამაკმაყოფილებელ პირობებს სთავაზობს.
“ჩვენ მიერ მუდმივად ხორციელდება ბაღების მონიტორინგი. ამჯერად რამდენიმე საკითხით დავინტერესდით, კერძოდ, კვებისა და საორგანიზაციო საკითხებით, ინფრასტრუქტურით. დამაკმაყოფილებელი პირობების მიუხედავად, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მაინც ჩასატარებელია, თუმცა, მინდა ყველა მშობელი დავარწმუნო, რომ მათი შვილები სანდო ხელში არიან,” _ გვითხრა მამეშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყო.