ოზურგეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ვეტერანებმა, ტრადიციულად, ყვავილების თაიგულით შეამკეს, მწუხარებით გაიხსენეს აფხაზეთის ტრაგედია და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟკაცები. მეომრების მშობლებმა კი, კიდევ ერთხელ ისაუბრეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, უყურადღებობაზე: “ქვრივმა დედამ სამი შვილი დავაყენე ტყვიის წინ. ერთი წლის განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. 1993 წლის სექტემბერში ხვიჩა დაიღუპა და ოქტომბერში ჩამომისვენეს სახლში. ერთადერთი, რაც გაუკეთეს აფხაზეთის ომში ნაბრძოლ ჩემს შვილს, ოპერაცია დაუფინანსეს. რამდენიმე წელია, უშედეგოდ ვითხოვ დახმარებას. სახლში წყალი ჩამომდის და პირველ სართულზე ყველა გაწვიმებისას ნიაღვარი შემოდის, სახლს სახურავი არ აქვს. ჩვენ თუ შვილები გავიმეტეთ, ცოტა ყურადღება ხელისუფლებამ ჩვენთვისაც გაიმეტოს”, _ გვითხრა აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის, ხვიჩა ღლონტის დედამ.
“ჩემი შვილები _ ორი ძმა, შვიდი თვის განმავლობაში იბრძოდნენ სამშობლოსთვის. მათგან ერთი დაიღუპა. სამი შვილი და მეუღლე დარჩა. დედამისი ბედნიერია, რომ ამ დღეს არ მოესწრო, მე კი 18 წელია, ვიტანჯები. ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს. ხუთი წელია, ვითხოვ სახლის სახურავის შეკეთებას, მაგრამ ამაოდ. შიფერს ვითხოვ მხოლოდ, მეტს არაფერს. ჩემმა შვილიშვილმა მითხრა, ბაბუა, სახლი გადახურე, თორემ შენ რომ მოკვდები, ჩვენ ვინ დაგვეხმარებაო”, _ ამბობს ელგუჯა სტეფანიანი.
21 წლის მამუკა ცეცხლაძის დედა იმ დღეს იხსენებს, როცა მისი შვილის სიკვდილის შესახებ შეტყობინება მიიღო:
“ჩემი შვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა. ამ დროს აფხაზეთის ომიც დაიწყო და იქედან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ადგილობრივი ხელისუფლება მეხმარება კი არა, შვილო, აქ არ მოსულან დღეს, მემორიალთან. სოციალურიც მომიხსნეს ჯანმრთელობის პოლისიანად. ამ ქვეყანაში სამართალი ვერსად ვიპოვე!” _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბარში მამუკა ცეცხლაძის დედამ, ქალბატონმა ქეთინომ.
ომის ვეტერანმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა მისთვის 27 სექტემბერი: “ქართველი ვაჟკაცები რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისთვის. ბოლო წუთამდე ღირსეულად იბრძოლეს, მაგრამ ვეღარ გაუძლეს მტრის შემოსევას. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და უმრავლოს ჩვენს ქვეყანას მათნაირი ვაჟკაცები!”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა ილია ლეჟავამ პირველ რიგში იქ შეკრებილებს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – ჯვართამაღლება მიულოცა:
“უფალმა გვაშოროს ისეთი მძიმე დღე, როგორიც 1993 წლის 27 სექტემბერი იყო. ოზურგეთის რაიონიდან 50-მდე ვაჟკაცი დაიღუპა ამ ომში. ტრადიციულად ვიკრიბებით ყოველ წელს აქ და მათ სახელებს პატივს მივაგებთ”, _ თქვა ლეჟავამ.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი მამა თომამ (გოგოტიშვილმა) გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, ღონისძიების მსვლელობის დროს, არ გამოჩენილან ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები.