ირმა ნადირაშვილმა, დღეს, იმ ავტომობილის სანომრე ნიშნები დაასახელა, რომლითაც მისი თქმით, თბილისის აეროპორტიდან დაკავების ნაცვლად, ე. წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "რემენა" გაიყვანეს.
"ავტომობილი ეკუთვნის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის – "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ილია კეჭაყმაძის მეუღლეს.
ყოფილი პრემიერისა და პრემიერის მფლობელობაში არსებული "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს მოადგილის მეუღლეს, ცოლ-ქმარ კეჭაყმაძეებს", _ განაცხადა ნადირაშვილმა.
ილია კეჭაყმაძე წარმოშობით ოზურგეთიდანაა და ის კახა კალაძესთან დაახლოებული პირია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" ილია კეჭაყმაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდება სრული სისულელეა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა", წინასაარჩევნოდ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მათთვის ჩვეული "შავი პიარის" აგორებას ცდილობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს ამის გამო სასამართლოში პასუხისგება, რადგან ვაპირებ, რომ სარჩელი შევიტანო მათ წინააღმდეგ", _ განაცხადა ილია კეჭაყმაძემ ჩვენთან საუბრისას.
ირმა ნადირაშვილის ბრალდებას არასერიოზული უწოდა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც.
მისი თქმით, მსგავს არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.