ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილი, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
"ჩემო ძვირფასებო, როცა მე წელიწად-ნახევრის წინ საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, მაშინ ვთქვი, რომ ჩემთვის თავმჯდომარეობის პერიოდი სამუშაო პროექტი იქნებოდა და ძალას არ დავიშურებდი ლანჩხუთის უკეთესობისთვის. მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური გარემოსი, მიუხედავად გამგეობის მხრიდან თანამშრომლობის სრული დეფიციტისა, მიუხედავად პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების პერმანენტული ხელშეშლებისა, ვფიქრობ, მაინც შევძელი გარკვეული საკითხების წამოწევა და გადაჭრა, ინფრასტრუქტურის, სტიქიის სალიკვიდაციო თანხების მოზიდვით, საკრებულოს საქმიანობის სრული გამჭვირვალეობის უზრუნველყოფით, სხვადასხვა ახალი პროგრამების ინიცირებითა და დანერგვით.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ვერ შევძელი დასაქმების უფრო მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველთათვის მეტი თანხების აკუმულირება. ბოდიშს გიხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან მოხვედით და ვერ შევძელი თქვენი დახმარება, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა. გთხოვთ, გულწრფელად მაპატიოთ.
მიუხედავად თვითმმართველობიდან ჩემი წასვლისა, ვრჩები ლანჩხუთელების სამსახურში და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ უკეთესობისთვის."