საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა.
სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოსვენება 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება.
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ასევე, 13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაეშვება სახელმწიფო დროშები.