"გურია ნიუსის" რედაქცია აცხადებს, რომ ინტერვიუ სოფო შევარდნაძესთან, რომელიც ძალიან ბევრი სააგენტოსა და ვებ-გვერდის მიერ გავრცელდა გუშინ, ყალბია _ მსგავსი მასალა "გურია ნიუსის" რედაქციაში არ მომზადებულა და ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი სააგენტოს სახელით იქმნება და ფორუმებზე ვრცელდება ცრუ მასალა და მაგრამ კიდევ უფრო საწყენია, როცა ვებ-გვერდები და სააგენტოები მაშინვე, "ოპერატიულად", ყოველგვარი გადამოწმების გარეშე "იტაცებენ" "მასალებს"; ზოგიერთი, "ექსკლუზიურობის მიზნით", მასალას მოდიფიცირებას და ინტერპრეტირებას უკეთებს და ისე უწყობს ხელს დეზინფორმაციის, ყალბი ინტერვიუების და ახალი ამბების გავრცელებას. დასაფიქრებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუს ფორმა, შინაარსი ერთი შეხედვითაც ადასტურებს მის "წარმომავლობას", მედიასაშუალებებს ეჭვი არ გასჩენიათ მის ავთენტურობაში და დაუფიქრებლად შეუწყვეს ხელი მის ტირაჟირებას.
სრულიად მიუღებელი და ამორალურია ისიც, რომ ამგვარი ყალბი მასალის შექმნის "საინფორმაციო საბაბი" ადამიანის გარდაცვალება და ოჯახის მწუხარებაა.