"ვიცი, ვიცი რა მდგომარეობაც არის აბასთუმანში. ადიგენის მუნიციპალიტეტს დასუფთავების სამსახური არ ჰყავს. გამოცხადდა ტენდერი, სადაც ახალციხის დასუფთავების სამსახურმა გაიმარჯვა. აქედან ხდება ასვლა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩამოტანა ახალციხის ნაგავსაყრელზე", _ასე შეაფასა "გურია ნიუსთან" სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ იქ არსებული ვითარება.
ვის ეკუთვნის აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო ყოფილი საავადმყოფო ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, გუბერნიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ .
"ის ქონება ვის ეკუთვნის, რომელი კომპანიის არის, ამაზე ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. არანაირი ბაზა ან არქივი, ეს კონკრეტული შენობა აბასთუმანში ვის ეკუთვნის, არ გვაქვს" _ გვითხრა გუბერნატორმა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ბაზა აქვთ და არც არქივი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი იმაში დაგვეთანხმა, რომ საკურორტო ზონაში არსებული შენობა-ნაგებობათა მეპატრონეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ და იქაურობა ასე გაპარტახებული არ უნდა იყოს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არცერთი მათგანისთვის არ მიუმართავს.
"მესმის რასაც ამბობთ. შენობა-ნაგებობა წინა მთავრობის დროს არის გადაცემული სამართალვალდებულებების შესრულების პირობით. თუმცა, ვალდებულებები არ შეუსრულებიათ. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. მათ ვალდებულება გაფორმებული აქვთ ეკონომიკის სამინისტროსთან. სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს აქვთ აღებული ვალდებულებები ეკონომიკის სამინისტროსთან, თუმცა რა კონკრეტული ვალდებულებებია, ეს სამინისტროსთან უნდა გაარკვიოთ. მე, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამ კომპანიებისთვის არ მიმიმართავს“, _ აცხადებს მაჭუტაძე.
ამასთან, გუბერნატორი აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რეგიონში ფართომასშტაბიანი პროექტები დაწყება.
"მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ 2015 წლიდან საკმაოდ დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს. თავად ნახავთ, როგორი პროექტი იქნება."
"გურია ნიუსი" აგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში, კერძოდ, საკურორტო ზომაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ვის ეკუთვნის იქ არსებული შენობა-ნაგებობები და რატომ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას მფლობელი, ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.