დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილეობს, "გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ "გასროლა მიბჯენით არის მომხდარი. მიბჯენა კი შეიძლება განხორციელდეს, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ხელით“.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, პროცესში დღეს, გამთენიისას, ოჯახის ადვოკატის თხოვნით ჩაერთო და სასამართლო ექსპერტთან ერთად გვამის გამოკვლევასაც დაესწრო.
"ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა მომმართა. პროცესში პირველივე ეტაპზე ჩავერთე, დავესწარი გვამის გამოკვლევას, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი ამ პროცესს“, _ აცხადებს ნიკოლეიშვილი.
მისივე განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილს მხოლოდ ერთი აქვს დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.
"გამჭოლი ჭრილობა თავის, კონკრეტულად, მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. ძალიან უხეში, ქალაძვლების დაზიანება აქვს. შესავალი ხვრელის მიდამოში არის დაფიქსირებული ლულის ანაბეჭდი კანზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სროლა მიბჯენით არის მომხდარი. მიბჯენა კი შეიძლება განხორციელდეს, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ხელით. ამ ანაბეჭდით ძალიან კარგად შეიძლება დადგინდეს რა მარკის იარაღით არის ნასროლი. იმ ზომებით მილიმეტრებში დადგინდება ლულა რომლიდანაც გასროლაა განხორციელებული. ისეთი ზუსტი, კლასიკური ანაბეჭდია, მე აქამდე არ მინახავს ვერ ვივარაუდებ არის თუ არა ეს თვითმკვლელობა, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და მე ვერ ვისაუბრებ. როდესაც ეს მონაცემები ჯერ არ არის, ძალიან არასერიოზული თვითმკვლელობაზე ან მკვლელობაზე ვილაპარაკო“, _ აღნიშნავს ნიკოლეიშვილი და დასძენს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, გამოძიების ზუსტი დრო შემთხვევის ადგილზევე დადგინდა.
მისივე თქმით, ნაპოვნია თუ არა ადგილზე ტყვიის მასრა, ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
"გვამის დათვალიერება დილით დავამთავრეთ და ჯერ არ შევხვედრივარ ოჯახის ადვოკატს. შეხვედრის შემდეგ გავაგრძელებთ რაღაც საკითხების დაზუსტებას. მოკვლევა, მხოლოდ ამ დათვალიერებით არ სრულდება, სხვა საკითხებშიც ვიქნები ჩართული. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს, თუმცა, როდის გახდება ცნობილი, ეს მე არ ვიცი. ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა ცალკე არ დაიდება, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. დასკვნას რომ ვნახავ, თუ ისე არ იქნება ყველაფერი აღწერილი, როგორც ვნახეთ, მე, რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაკეთებ განცხადებას. ჯერჯერობით, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა არ გვქონია“, _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა პროცესში დროულად მოხდა. ეს კითხვის ნიშნებსაც შეამცირებს.
"როგორც მე ვნახე, ისე ნახა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმაც. ეს მისთვისაც პირველი ნახვა იყო, სახეშეცვლილი არ გვინახავს. თუ საჭირო გახდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამაშიც მივიღებ მონაწილეობას. თუმცა, ამ ყველაფერზე, ჯერ ადვოკატთან არ მისაუბრია. რაში ჩართვაც იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებთ“, _ აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.