ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება.
განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს კიწმარიშვილის მიერ მკვლელობის დღეს იარაღის გადაფორმების ფაქტი, თითქოს ის ჯანმრთელობის და სხვა საჭირო ცნობების შეგროვებას ვერ მოასწრებდა.
"გურია ნიუსი" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებსაც ათეულობით წელია საქართველოში იარაღის ბიზნესი აქვთ. ისინი ვინაობის ანონიმურად დატოვებას გვთხოვენ და ამბობენ, რომ კიწმარიშვილის მიერ მაღაზია "დიანაში" იარაღის შეძენის ფაქტი საკუთარი წყაროებითაც გადაამოწმეს, რაც დადასტურდა.
"ბევრნი არ ვართ, ვინც ამ ბიზნესს მივდევთ და როდესაც ეს ამბავი გავრცელდა, გადავრეკეთ, გადმოვრეკეთ და ნამდვილად დადასტურდა, რომ ეროსიმ იარაღი "დიანაში" შეიძინა. იმ ვიღაც ნანეტაშვილს ტყუილად ედავებიან, თითქოს ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა."
_ რა პროცედურა სჭირდება იარაღის შეძენას?
_ მიდიხართ მაღაზიაში, არჩევთ იარაღს. მაღაზია გაძლევთ მოდელის ნომერს, რომელიც იარაღს აქვს ლულაზე და კორპუსზე. ამით მიდიხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სადაც აღნიშნულ იარაღს უკვე გავლილი აქვს ბალისტიკა. ხდება მისი ბაზაში გადამოწმება და გაძლევენ შესაბამის ნებართვას. ნებართვა კეთდება ერთ დღეში ანუ დაჩქარებული წესით და არის შვიდ სამუშაო დღეში. სააგენტოში იხდით მომსახურების თანხას, ნებართვით მიდიხართ მაღაზიაში და ყიდულობთ იარაღს.
_ ამ იარაღის ტარების უფლება გაქვთ თუ ნებართვა მხოლოდ შენახვაზე გაიცემა?
_ ტარების უფლება გაიცემა მხოლოდ სამართალდამცავებზე და იმ პირებზე, ვისაც აქვთ მაიორის წოდება და ზევით. ასევე, სპეციალურ პირებს _ არის შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პირებს განსაზღვრავს. ეროსი კიწმარიშვილი იარაღს შენახვის უფლებით იყიდდა და იარაღის სახლში მისატანად სულ რამდენიმე საათი ექნებოდა.
_ რეალიზაციაში მყოფი ყველა იარაღი გადის ბალისტიკურ შემოწმებას?
_ უკლებლივ ყველა. ცეცხლსასროლ იარაღს თავისი ხელწერა აქვს, ისევე, როგორც ადამიანს. როდესაც შესყიდული პარტია ჩამოდის, პირდაპირ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე მიდის მომსახურების სააგენტოში. თითოეული იარაღიდან ხდება სამი ტყვიის გასროლა. არ არსებობს, რომ სხვადასხვა იარაღმა ერთნაირად დატოვოს ნატყვიარები.
ბალისტიკის გავლის შემდეგ, ეს მონაცემები სააგენტოში ინახება და მკვლელობის ან თავდასხმების დროს, თუ შემთხვევის ადგილზე გულა აღმოჩნდა, იარაღის დადგენა პრობლემა აღარ არის. როდესაც მკვლელობის ადგილიდან გულა ქრება, მაშინ ცოტა რთულდება იარაღის დადგენა. როგორც წესი, მკვლელობებისთვის შავ იარაღს იყენებენ ანუ არარეგისტრირებულს, რომლის შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება.
_ იარაღის ტარებაზე ნებართვის მოსაპოვებლად აუცილებელია თუ არა სააგენტოში ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა?
_ არანაირი ცნობა არ გჭირდება, თუ გაქვს მართვის მოწმობა, ცნობას არავინ გთხოვს. მთავარია არ იყო ნასამართლევი და შენს წინააღმდეგ არ მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ასე რომ, კიწმარიშვილს ამ ნებართვის აღება მხოლოდ მართვის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ერთ დღეშიც შეეძლო.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა მომსახურების სააგენტოში ერთდღიანი მომსახურებით ისარგებლა.