საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ, ზუგდიდში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ დაგეგმილია ზუგდიდის ტერიტორიაზე დიდი ტურისტული ცენტრის მშენებლობა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები სამეგრელოში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ დიდი აქტივობები უკვე წელს დაიწყება, ტობოვარჩხილის ტბაზე 7-11 აგვისტომდე ჩატარდება მოლაშქრეთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის ჟურნალისტები, ცნობადი სახეები და მოხდება ამ მარშუტების პოპულარიზაცია."
სიგუას თქმით, სამეგრელოში გაიხსნება სამი საინფორმაცია ცენტრი. ცენტრები განთავსდება მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.
"სამეგრელოს სჭირდება ინვესტიციები ტურიზმში. ტურიზმს სჭირდება ინფრასტრუქტურა, განთავსების საშუალებები და მე მაქვს პრემიერის პირდაპირი დავალება, რომ სამეგრელოს ტურიზმი სწრაფი ტემპით უნდა განვითარდეს, უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა.
მალე დავიწყებთ ზუგდიდში დიდი ცენტრის მშენებლობას, ეს იქნება რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია, სადაც იქნება საკონცენტრაციო ადგილი რეგიონში ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს ცენტრი იქნება გამანაწილებელი ბაზა, რომელიც ტურისტებს ორიენტაციას გაუადვილებს.
მალე სამეგრელოს ტურისტულ კატალოგზეც დასრულდება მუშაობა, გვაქვს ამბიცია, სამეგრელო იყოს მსოფლიო ახალგაზრდული ტურიზმის ცენტრი".