"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"სახელისუფლებო გუნდი მიუბრუნდა 2012 წლამდე, ავადსახსენებელი ნაცრეჟიმის მიერ აპრობირებულ, ხალხის ნების გატეხვისა და არჩევნების გაყალბების ყველა წინსაარჩევნო ტექნოლოგიას.
გამოყენებული იყო სახელისუფლებო ადმინისტრაციული რესურსის სრული შესაძლებლობები. მათ შორის ყველაზე ანტიდემოკრატიული _ პოლიციისა და ს.უ.ს _ის არსენალი და გურიაში, კერძოდ ქ.ოზურგეთში სრულად დაიმსხვრა 2012 წლის ოქტომბრის მიღწევად გამოცხადებული ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის შესახებ მითი.
11 ივლისს, მეორე ტურის წინა დღეს, ჩვენი აქტივისტები ანასეული-ექადია-რაი-ცენტრალურის საარჩევნო ოლქში, გიორგი კეპულაძე და ალექსანდრე ცეცხლაძე გააჩერეს პატრულის მუშაკებმა და სრული კანონდარღვევით, წინასწარ მომზადებული ქობინის გამოყენებით ჩამოართვეს მართვის უფლება. იმ ორი საათიდან, რა დროშიც უნდა მოხერხდეს განმეორებითი სინჯის აღება, ერთი საათი ფაქტობრივად უკანონოდ შეაჩერეს. თუმცა ახალგაზრდებმა მაინც მოახერხეს და დროულად გაიკეთეს განმეორებითი სინჯი, რის მიხედვითაც, რა თქმა უნდა აბსოლიტურად ფხიზლები იყვნენ. ჩააბარეს პატრულს ეს დასკვნა, რაც მართვის უფლების დაუყონებლივ დაბრუნების საფუძველი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს არ გაკეთდა. ეს გახლდათ საპატრულო პოლიციის მხრიდან ჩემი მხარდამჭერებისათვის ხელის შეშლისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის აშკარად დემონსტრირება.
მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას რათა შესწავლილ იქნას აღნიშნული ფაქტი და უმკაცრესად დაისაჯონ ამ უკანონობის დამკვეთებიც და შემსრულებლებიც.
გარდა ამისა საარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო სამსახურების მუშაკები.
როგორც მოსახლეობაში ამბობენ, სახელისუფლებო გუნდში გამოიყენეს პატიმრებისა და სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ბრალდებულთა ოჯახები. სს პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მათ კონკრეტული რაოდენობის ხმების მობილიზებას აიძულებდნენ.
მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს შეისწავლოს ქ.ოზურგეთში ს.ს.საქმეთა დინამიკა და ზემოთ აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, გააკეთოს შესაბამისი რეაგირება.
მივმართავ საქართველოს აუდიტის სამსახურს შეისწავლოს "ქართული ოცნების" ქ.ოზურგეთის საარჩევნო შტაბის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების შესაბამისობა რეალურად გაცემულ თანხებთან. ჩვენთან შემოსული ოპერატიული ინფორმაციებით _ უსაზღვროდ გაზრდილ აგიტატორთა და კოორდინატორთა ოდენობები ფაქტობრივად გათვლილი იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის ორგანიზებაზე.
მიუხედავად ყველაფრისა, ქ.ოზურგეთის ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა გააკეთა ღირსეული არჩევანი", _ განაცხადა ბრიფინგზე შოთა გოგიბერიძემ.
რაც შეეხება მეორე მხარეს, თუ მათ სურვილი ექნებათ გააკეთონ კომენტარი შოთა გოგიბერიძის ბრიფინგთან დაკავშირებით, მათ კომენტარსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, საპატრულო პოლიციას კანონი არ დაურღვევია.
"აღნიშნული პიროვნება არასწორი მანევრირების გამო გააჩერა პატრულმა. ჩაუტარა ალკოტესტი და აღმოჩნდა არაფხიზელ მდგომარეობაში. გიორგი კეპულაძემ წარმოადგინა ცნობა, რითაც ამტკიცებდა, რომ ის ნასვამი არ იყო. საკითხის განსახილველად პატრულს აქვს ერთ თვიანი ვადა, თუ დადებითად გადაწყდება, მაშინ გიორგი კეპულაძე მართვის მოწმობას მოიკითხავს ქუთაისში, რადგან ის იმერეთშია რეგისტრირებული", _ გვითხრა პრესსამსახურმა.