ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, თბილისის ახალი მერის იდეას, ზოოპარკის გადატანის შესახებ, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს საკითხი, დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას, თუმცა ამისთვის საკმაოდ სერიოზული თანხებია საჭირო.
"ეს ტერიტორია ზოოპარკისთვის საკმარისი აღარ არის და საჭიროა, მისი სხვა ადგილზე გადატანა. შეიძლება აქ პატარა ნაწილი დარჩეს, ან მეორე ვარიანტია, მთლიანად იქნას ზოოპარკი გადატანილი. ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ თანხებთან. ამისთვის სერიოზული ფინანსებია საჭირო. ახლა რომ დაიწყოს ახალი ზოოპარკის აშენება, ამას დიდი დრო დასჭირდება. ჯერ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, რაც საკმაოდ რთული იქნება. იმედია, ყველაფერი ისე ჩატარდება, როგორც საჭიროა, ანუ ჯერ აშენდება ახალი ზოოპარკი და მერე მოხდება ძველის იქ გადატანა", _ ამბობს გურიელიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლად არჩეული მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის ზოოპარკის გადატანის შესახებ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ ისაუბრა:
"ჩვენ გვაქვს ასეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ, გავაფართოვოთ და დავრგოთ ხეები. ასევე პრობლემები შეიქმნა მზიურთან დაკავშირებით. ის მთლიანად მშენებლობებშია მოქცეული და გვინდა, რომ ზოოპარკი და მზიური ერთმანეთთან დაკავშიროთ გადასასვლელი საფეხმავლო ესტაკადით და დამატებით ხეები დაირგოს, რათა ერთიანი სივრცე გაკეთდეს და ამით ხელი შეეწყოს რეკრეაციული ზონის განვითარებას", _ აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონკრეტულად რა თანხა დაჯდება ზოოპარკის გადატანა და საიდან აპირებს თბილისის მერია მის მოძიებას, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას „გურია ნიუსს“ თბილისის მერის პრესმდივანი მოგვიანებით დაჰპირდა. ჩვენ ამ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.