"საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკი არ შეექმნება არც ამ გადაწყვეტილებით და არც სხვა, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში",_ აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი, გიორგი აბაშიშვილი აკეთებს, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებაზე.
მისივე თქმით, რუსეთისგან სიურპრიზებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
"რაიმე სახის პროდუქციის შეზღუდვაზე ან აკრძალვაზე ამ პროექტში ლაპარაკი არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადრე ქართული პროდუქცია დაუბეგრავად შედიოდა რუსულ ბაზარზე, ახლა უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადავა და გარკვეულ სატარიფო შეზღუდვებს დაექვემდებარება.
ამ ეტაპისათვის ასეა, ყოველ შემთხვევაში, ეს პროექტი გვეუბნება, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეჩერდა."
იმას, რომ რომ მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს, არ გამორიცხავს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
"ბოლო ხანს რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები უკრაინასთან მიმართებაში, გაამკაცრა სავაჭრო კავშირები მოლდოვასთანაც. ასე რომ, მოსალოდნელი იყო იგივე ჩვენთან მიმართებაშიც და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით. როდესაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მივდიოდით, პარალელურად ვაანალიზებდით იმას, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ ალბათობას ვუშვებდით, თუმცა არა მგონია, ეს ტრაგედია ან დიდი ტრავმა იყოს. ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, იქ თამაშის წესები არსებობს და ვიცხოვრებთ ამ წესების მიხედვით. ალბათ, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი გაძვირდება, რაღაცა უფრო რთული გასატანი იქნება – შეიძლება რაღაც მეტად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას, როცა გვინდა, ვიყოთ ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.